2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მუქარასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი მუქარა გააჟღეროს, თუმცა მათი მუქარები არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის.
„2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა, ხედავთ, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი. ახლა, საერთოდ მუქარასაც არავითარი ძალა აღარ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შეუძლიათ ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თუმცა თვითონ ადამიანებიც არიან არასერიოზულები და მათი მუქარებიც არასერიოზულია ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატიდან საზოგადოებამ ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინა, ასევე ბევრი რამ გაიხსენა და ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული დასკვნით დოკუმენტში.
„საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, არაერთი ახალი ინფორმაცია მოისმინა და, ასევე, ბევრი რამ შეგვახსენა საგამოძიებო კომისიის ფორმატმა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში. უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას. რეჟიმის შეფასება უნდა გაკეთდეს და, ასევე, უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა, დაველოდოთ საბოლოო დოკუმენტს,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაავალა.
„ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება,“- განაცხადა პრემიერმა.