ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისათვის ქვეყანა იქნება მზად 2030 წლისთვის.
„რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები. არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში. ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში. პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. “, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია.
„აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, მზად ვართ - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მზად ვართ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა დ აშშ-ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც.
„ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. ჩვენ შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები.
„ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში.
აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი.
ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარედან მუდმივი რყევის ფონზე, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ შორის, ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც.
„რატომღაც, ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ ვხედავდით მცდელობებს იმისა, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, მაგალითად გარე ფარული დაფინანსებით ცდილობდნენ შეერყიათ ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ ლგბტ პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა ფარულად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდათ და იქნებოდა შესაძლებელი.
თქვენ გახსოვთ ასევე, მაგალითად პირდაპირ უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, არაერთი ჩარევა, მაგრამ მინდა გაგახსენოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა ყველა პრინციპი სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების. ამის შემდეგ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად სცნო ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება ასე მოეპყროს ქართულ სახელმწიფოს. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და ასე უდიერად ეპყრობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონკრეტულად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. მახსოვს, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის, დოპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, პირდაპირ მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად, ხშირად ჩვენი გვერდის ავლით წერდნენ ხოლმე და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს.
ასევე მახსოვს, როგორ გვკარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრად და ვინ არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დაასუსტეს და ასე უხეშად შეიძლებოდა მოქცეოდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხელი გაერტყათ პოლიცილებისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა.
„რატომღაც ასე ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მას არ ექნებოდა ამაზე რეაგირების შესაძლებლობა.
ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხვეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ.
ასევე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ როდესაც იყო ასაშენებელი, მაგალითად ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები შეიძლება გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო არ იყო საკმარისად ძლიერი ამისათვის.
ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ფული მოეპარა. ჩათვალა, რომ არ იყო სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ამაზე რეაგირება მოეხდინა. ვიღაც ნარკოტიკს ჰყიდდა, ახალგაზრდებს წამლავდა და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არასდროს არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ. არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩამოვთვალე - ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა. ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენ ორი კვირის წინ გავხსენით თბილისის მშრალი პორტი, რომელიც შეიქმნა არაბული ინვესტიციით. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის ჩქაროსნული საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები, ყველა მიმართულებით კომპლექსურად განვითარდება ინფრასტრუქტურა.
„მომზადების პროცესშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ბუნებრივია, ამასაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის.
ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები შესაბამის ქვეყნებთან. საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ე.წ. ჩაკეტილ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. ეს არის შუა აზიის 5 სახელმწიფო და ჩვენი მეზობელი 2 სახელმწიფო - აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ქმნის ჩვენთვის პოტენციალს, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, შესაბამისად გავაძლიეროთ დაკავშირებადობის ფუნქცია და პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ეს ფუნქცია მაქსიმალურად შეგვიძლია გავუძლიეროთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული - 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით. უახლოეს პერიოდში, ასევე, ვგეგმავთ შესაბამისი სამთავრობო კომისიის მოწვევას, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბუნებრივია, არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა,“- განაცხადა პრემიერმა.