მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 43 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე.
„მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინვესტიციებს სპორტის სფეროში მოაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები გამოხატულია კონკრეტული მონაცემებით.
„შარშან ჩვენ გვქონდა საერთაშორისო მედლების რეკორდული რაოდენობა 1 259 საერთაშორისო მედალი აიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა გასული წლის განმავლობაში. თითოეულ სპორტსმენს ეკუთვნის ჩვენი განსაკუთრებული მადლობა, აქედან 441 იყო ოქროს მედალი, 413 ვერცხლი, 445 ბრინჯაოს მედალი.
აქვე მინდა, შეგახსენოთ, როგორი იყო სპორტის მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ფეხბურთელები საამაყოდ წარსდგნენ ევროპის ჩემპიონატზე, პირველად გამოვიდნენ და პირველივე ჯერზე მათ შეძლეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ასევე პირველად ისტორიაში, ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ასე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რამდენიმე წუთი დააკლდათ ჯგუფური ეტაპის გავლამდე, დასანანი მარცხი იყო, თუმცა ძალიან კარგად გამოვიდნენ ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატზე.
ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. კალათბურთელები მორიგ ჯერზე გავიდნენ „ევრობასკეტზე“, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენ სექტემბერში მათ გამოსვლას „ევრობასკეტზე“. რაგბისტებმა მოიგეს რაგბი ევროპა და კიდევ ერთხელ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოლიმპიელებმა მიაღწიეს უპრეცედენტო შედეგს და გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მაღალი ადგილები მოიპოვეს ბოლო ოლიმპიადაზე.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ოლიმპიელებს, მათ შორის ჩვენს ორ კოლეგას განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთივს. ჩვენმა პარალიმპიელებმაც გაგვახარეს და პირველი მაჩვენებელი აიღეს გუნდურ ჩათვლაში ისტორიის მანძილზე, მათაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა ძიუდოისტებს, პირველად ისტორიაში, დღეს ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი არის როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონი. ეს არის საამაყო მიღწევა და მადლობა მათ ამისათვის. არ მინდა, ვინმე და რამე გამომრჩეს, როგორც უკვე ითქვა, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღეს 1 299 საერთაშორისო მედალი. მთლიანობაში ქართული სპორტი გამოირჩა ძალიან დიდი წარმატებებით, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკე აღებული სპორტის განვითარებისთვის. სპორტი ნიშნავს მეტ ჯანმრთელობას, ჯანმრთელ მომავალ თაობას, მეტ ინტერესს ბავშვებში რომ ჩაერთონ სპორტულ აქტივობაში ამ კუთხითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ის მიღწევები, რომლითაც ჩვენმა სპორტსმენებმა გაგვახარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსური მიდგომით და გარდა სახელმწიფო ფინანსებისა, საჭიროა ინვესტორების წახალისება, ვინაიდან სპორტის მიმართ დაინტერესება დიდია.
„გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე, გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია, როგორც საფეხბურთო და სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ. საუბარია როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.
ასევე, ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა - მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას, იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება,“- განაცხადა პრემიერმა.
განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში.
„განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს არის შუალედური ნაბიჯი ამ ეტაპზე. ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში - დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, დეტალები იქნება განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესები უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.