რეგიონული განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი - რეგიონული განვითარების სამინისტრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა მეტი სისტემურობა მუნიციპალურ განვითარებაში.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დავხვეწოთ მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის და შესაბამისი გეგმების განხორციელების პროცესი, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომზადდება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სისტემურად უნდა განვითარდეს თითოეული მუნიციპალიტეტი და თითოეული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. რეგიონული განვითარების მიმართულებით პროგრამები ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა, ესენია - რეგიონების განვითარების ფონდით გათვალისწინებული პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, სპეციალური პროგრამა გვაქვს, ასევე, გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა და ა.შ. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე, ჩვენ გავზარდეთ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მათ შორის, სტანდარტული ზრდის მიღმა გაიზარდა ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ბიუჯეტები, სამი ქალაქის ბიუჯეტი. ქუთაისსა და რუსთავს, სტანდარტული ზრდის მიღმა დაემატა თითოეულს 40 მლნ ლარი, ფოთს დაემატა 20 მლნ ლარი, ჩვენ გვჭირდება ამ ქალაქების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარება და ეს დამატებული ბიუჯეტები მერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უზრუნველყონ ქალაქების ურბანული განვითარება, პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის კუთხით განახორციელა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საავტომობილო გზების განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მათ შორის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა.
„საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა და ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ჩვენი მაჩვენებელი არის 84 კილომეტრზე მეტი და მათ მთელი 9 წლის განმავლობაში ააშენეს მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, ეს იყო ბევრად უფრო მარტივი მონაკვეთი, ვიდრე ის მონაკვეთები, რომლებზეც მუშაობა წარიმართება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ამ თვალსაზრისით. უკვე გახსნილია 367 კმ მაგისტრალური გზა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%. რაც შეეხება დამატებით მონაკვეთებს ძირითად მაგისტრალზე, ერთ თვეში გაიხსნება 6,4 კმ სიგრძის სურამის შემოვლითი გზა, წლის ბოლომდე გაიხსნება რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4-კმ-იანი მონაკვეთი და ამით წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება ე.წ საუკუნის პროექტის განხორციელება - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სამტრედიის ხიდის მშენებლობა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 6-კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება დეკემბერში, ხოლო მეორე 6-კმ-იანი მონაკვეთი - მომავალი წლის მაისში. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3-კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება წლის ბოლომდე. ეს არის ის ვადები, რომლებსაც კიდევ ერთხელ გადავხედეთ და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ის სათანადო ვადებში განხორციელდება.
„ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, ესენია თბილისი-სადახლოს და თბილისი-წითელი ხიდის მონაკვეთები. წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა და დასრულდება სამ წელიწადში, 2028 წელს. კახეთის მიმართულებით ასევე ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები. გაიხსნა თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი ავტომაგისტრალური გზის მონაკვეთი, ასევე ბაკურციხე-წნორის 16,5 კმ-იანი გზა. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის მშენებლობა მაისში დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი მაქსიმალურად მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყნის სხვა კუთხეებთან. ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ტურიზმის განვითარებად, შესაბამისად, ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დასრულდება. ხულო-ზარზმის გზაზე დაგებულია საფარი 35 კილომეტრზე, გზის ძირითადი ნაწილი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო მეწყრული მონაკვეთების დასრულება მომავალი წლის ივნისში არის ნავარაუდევი. რუსთავის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავის, არამედ დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც, დაიწყო უკვე მიწების გამოსყიდვის პროცესი, წელს გამოცხადდება ტენდერი და 2027 წელს დასრულდება რუსთავის მაგისტრალური გზის მშენებლობაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ლარსის გზაზე და აღნიშნა, რომ უკვე გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი ქვეშეთი-კობის გზაზე, წლის ბოლომდე ქვეშეთი-გუდაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ამ გზის მშენებლობა, რაც 25 კმ-ს მოიცავს.
„აგვისტოში დასრულდება მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, მომავალ წელს დასრულდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, მომავალი წლის ივნისში დასრულდება ფოთის ხიდის მშენებლობა და რაც შეეხება ანკლიასთან დამაკავშირებელ გზას, რაც მნიშვნელოვანია პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაც, ვიწყებთ სამუშაოებს და ეს პროექტიც სათანადო ვადებში განხორციელდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ნორმატიული ბაზის გამკაცრებისთვის.
„გარემოს დაცვის სფეროში გვაქვს კონკრეტული შედეგები. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა. ასევე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი მყინვარების შეფასება-შესწავლის მიმართულებით. შედეგები გვექნება შემოდგომაზე, რაც მოგვცემს საფრთხეების ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას. სხვა მიმართულებით განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 2 120 ჰა ფართოებზე. ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 124 000 ჰა ფართობზე, 2025-2026 წლებში დაგეგმილია სამუშაოები 126 000-ს ჰექტარზე მეტ ფართობზე.
მინდა განვაცხადო, რომ უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელიც დაგვეხმარა ნორმატიული ბაზის გამკაცრებაში ამ მიმართულებით. მაქსიმალურად მკაცრის ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე დანაშაული. ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ვალია ტყე მაქსიმალურად შევუნახოთ მომავალ თაობებს. აქედან გამომდინარე, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უდიერად მოეპყროს ჩვენთვის უმნიშვნელოვანის სიკეთეს, ტყეს ჩვენს ქვეყანაში. ზომები იქნება უმკაცრესი.
ასევე, გარემოს დაცვის სფეროში მინდა განვაცხადო, რომ აშენდა არასახიფათო ნარჩენების 2 განთავსების ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგური, 8 ქალაქში ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი. ასევე, მიღებული ზომების შედეგად, 12 ლოკაციაზე ხორციელდება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა გარემოს დაცვის სფეროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი, გასული წლის მაჩვენებელი არის 17,6 მილიარდი. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება მსოფლიოს 107 ქვეყანაში. გეოგრაფიული დაფარვა და არეალიც მუდმივად ფართოვდება. მთლიანობაში, ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელდება სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
„ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 889 მლნ ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10 849 პოლისი, გასული წლის განმავლობაში.
„დანერგე მომავალი“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 43 მლნ ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მლნ ლარზე მეტი. მხარდაჭერამ მოიცვა 2400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაღალმთიან დასახლებებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი გასულ წელს შეადგენდა 9 მლნ ლარს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას დაეთმო 24 მლნ ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 20 ქალაქში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები.
„მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს 3 ქალაქი და საბოლოო ჯამში წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
„ჩვენ სია გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა. შესაბამისად, პროცედურები დაიწყება და ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები და შესაბამისად, საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ დუისში“, - განაცხადა პრემიერმა.
ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა კურორტისთვის, უბრალოდ არის კომპლექსური საკითხი, მათ შორის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სპეციალისტების ასეთი მოსაზრებიდან გამომდინარე, პროექტზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საკითხის სიღრმისეული კვლევა.
რაც შეეხება ლიკანის რომანოვების სასახლეს, პრემიერის თქმით, ეს საკითხი განხილული უნდა იყოს კომპლექსურად სასტუმრო ინფრასტრუქტურასთან ერთად.
„სასტუმრო ინფრასტრუქტურაც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას და შეგვიძლია, გავცეთ დაპირება, რომ ვიმუშავებთ კომპლექსურად, როგორც სასტუმროს განახლების საკითხზე, ასევე ამასთან ერთად ლიკანის სასახლის განახლების საკითხზე და მალევე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენი ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება რაბათის ციხის რეაბილიტაციას, ბატონ რეზი სოხაძესთან გვქონდა საუბარი და დავიწყებთ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში განვახორციელოთ რეაბილიტაციის პროექტი. რაც შეეხება ადიგენის კულტურის სახლს, აქაც მულტიფუნქციური მიდგომით გვინდა წავიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ადიგენი არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი, მატ შორის კულტურის სახლიც პრაქტიკულად არ არსებობს, ადიგენი იქნება ერთ-ერთ პრიორიტეტი. დღეს კონკრეტული ვადის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ უახლოეს მომავალში, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს და იქ იქნება ასახული პრიორიტეტები ვადების გათვალისწინებით. იგივე ეხება ასპინძის სტადიონსაც, ესეც ერთიანი გეგმის ნაწილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მოიცავს, მათ შორის, საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, სხვადასხვა სპორტის სახეობებისთთვის განკუთვნილ დარბაზებს, საცურაო აუზს და ა.შ.
„ასევე, მულტიფუნქციური ცენტრები უნდა მოიცავდეს შემეცნებით-კულტურულ ინფრასტრუქტურასაც, თავისი არსით უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მულტიფუნქციური. საბოლოო ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ყვარელი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით“ , - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ყვარელში თეატრის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია და აღნიშნა, რომ სამუშაოები მალე დაიწყება.
მისივე თქმით, მთავრობა, პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციით, მუდმივად ეცდება ახალი ინიციატივების შემუშავებას მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად.
„მუდმივად ვეცდებით ახალი ინიციატივების შემუშავებას იმისათვის, რომ მაღალმთიანი რეგიონები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად გამაგრდეს მაღალმთიან რეგიონებში. ბუნებრივია, პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაციები ამ საკითხზე,“- განაცხადა პრემიერმა.