ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი აღარ გახსნის - დღეიდან ახალი რეგლამენტი ამოქმედდა

დღეს, 1 ივლისს ამოქმედდა პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად აწესრიგებს და "ოცნებამ" დაჩქარებული წესით მიიღო.

შესაბამისად, ძალადაკარგულია 2018 წელს მიღებული რეგლამენტი, რომელიც აქამდე მოქმედებდა.

ცვლილებები მათ შორის შეეხო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. კერძოდ, განისაზღვრა, რომ ის იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს, როგორც წესი, დღის 12 საათზე. ასევე დაზუსტდა, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. რეგლამენტის აქამდე მოქმედი რედაქტიით, პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში პარლამენტის უხუცესი დეპუტატი.

ამასთან, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელი შეეცვალა:

აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

დაზუსტდა საკითხები, რომლებიც პირდაპირ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება, კომიტეტის მიერ განხილვის გარეშე. ესენია: თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, პრეზიდენტის არჩევის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისები.

კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები.

გაუქმდა "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდა.

გაუქმდა გენდერული თანასწორობის, ღია მმართველობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები.

პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.