ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას სახელმწიფო გადაიბარებს. პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დღეს, დაჩქარებული წესით დაიწყო.
"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები ხელს შეუწყობს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის, ისევე, როგორც ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესის სრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას და მინიმუმამდე დაიყვანს იმ ცალკეულ რისკებს, რომლებიც დღეისთვის თან ახლავს ამ პროცესებს.
დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციით, დღეისათვის ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიას ახორციელებს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, აგრეთვე რვა კერძო სამართლის იურიდიული პირი. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიზღუდება ამ დაწესებულებების საქმიანობა ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის მიმართულებით. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მომსახურებით მოსარგებლეთა რაოდენობა 11 401 პირს შეადგენს. რაც შეეხება სხვა დაწესებულებების მომსახურებით მოსარგებლეებს, მათი ზუსტი რიცხოვნობა დადგინდება კანონის აღსრულების პროცესში.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან ამ პირებს აღარ მოუწევთ საკუთარი სახსრებით მკურნალობის დაფინანსება, რომლის ღირებულება თვეში მიახლოებით 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2026 წლის 1 მარტიდან.
ცვლილებების ავტორები და ინიციატორები "ოცნების" შემდეგი დეპუტატები არიან: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ლიკა შარტავა, რამინა (რიმა) ბერაძე, გრეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი კირცხალია, ირაკლი შატაკიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ზურაბ რურუა, დათო კოდუა, ვარლამ ლიპარტელიანი, იოსებ ჯორბენაძე, ედიშერ თოლორაია, ალუდა ღუდუშაური, არჩილ ბერიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე, სუმბატ კიურეღიან, ნინო წილოსანი, ეკა ჭიჭინაძე, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი გუგუჩია, დავითი შერაზადიშვილი, ზვიად შალამბერიძე, გრიგოლ აბესაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ნოდარ ტურძელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ვასილჩიგოგიძე, ზაალ დუგლაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, გიორგი ხახუბია, დავით კაჭარავა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, მაია ბითაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე.