თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ჯარიმა იზრდება

ფულადი სანქცია იზრდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც
თვითნებურად არის გადაკეთებული.

შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტში განმარტებულია, რომ თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი.

პროექტის მიხედვით, დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა. პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება, მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე.

გარდა ამისა, პროექტით კონკრეტდება, რომ აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.