5 ივლისს კახში წმინდა მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღე აღინიშნება

5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოსთან ერთად მისი ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, წმინდანის მშობლიურ კუთხეში - საინგილოში.

 5 ივლისს კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს (ისტორიული კაკისთავი) წმინდა გიორგის ტაძარში დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ ტაძრის შემოგარენში, სამაროვანზე (ასე უწოდებენ საინგილოში სასაფლაოს) მდებარე წმინდა მიქაელ ყულოშვილის საფლავთან გადახდილი იქნება წმინდანის სავედრებელი პარაკლისი. ახლახან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის ბრძანებით, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დახურვის რეჟიმი 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდა და დიდი ალბათობით, საზღვარი არც ოქტომბერში არ გაიხსნება. ამის გამო გასული წლების მსგავსად წმინდა მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღეს კახში ჩასვლას კვლავ ვერ შეძლებენ მომლოცველები საქართველოდან.

2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დახურვის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველები მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან (გაყოფილი ოჯახები და ნათესავები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას, ავადმყოფი ახლობლების მონახულებას, გარდაცვლილი ახლობლის დაკრძალვაზე ჩასვლას, ამასთან რეგიონში ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ადამიანთა გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა). წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეთანხმებით დაგეგმილი იყო თბილისი-ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლების აღდგენა, მაგრამ მატარებლების გახსნის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე. მოლაპარაკებების პარალელურად საზღვრის ორივე მხარეს მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არაა დაზუსტებული. 

აღსანიშნავია, რომ ახლახან აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექილიევი დააპატიმრეს კორუფციისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. მუსა შექილიევი ამ თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა და მას ქართული საზოგადოებაც იცნობდა, რადგან იგი მრავალი წლის მანძილზე მასპინძლობდა საქართველოს დელეგაციებს გიორგობის დღესასწაულზე. მუსა შექილიევთან ერთად მსგავსი ბრალდებებით დააპატიმრეს კახის რაიონის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც.

ავტორი: სერგო კერესელიძე