ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი - ბუდაპეშტში გამართულმა წილისყრამ ქართველების მეტოქეები გაარკვია

13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დღეს ტურნირის წილისყრა ჩატარადა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. პლანეტის პირველობაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ცამეტი ქართველი ძიუდოისტი (ცხრა კაცი, ოთხი ქალი) იასპარეზებს.

60 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ანგოლის წარმომადგენელს, ლეონარდო ბაროშს შეხვდება.

66 კგ-ში ასევე მეორე წრიდან იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი, რომლის მოწინააღმდეგეც ესტონელი ვილარ ლიპარდისა და მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან ჩაატარებს.

81 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ტატო გრიგალაშვილი – ვენესუელელი ლუის პარიჩესა და თურქი ვედატ ალბაირაკის შეხვედრაში გამარჯვებულს, ხოლო ზაურ დვალაშვილი შვეიცარიელ ორელინ ბონფერონას დაუპიროსპირდება.

90 კგ-შიც ორი ძიუდოისტი იასპარეზებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სერბ მილიან რადულისა და ბელარუს ალიაკსანდრ სიდორუკს შორის გამრჯვებულს შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.

100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრეში უნგრელ სომბორ ვეგთან იჭიდავებს.

მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება.

ქალების ტურნირზე 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი მეორე წრეში სამხრეთკორეელ იუჰეე კიმს დაუპირისპირდება, ამავე წონაში ნინო ლოლაძის მეტოქე პირველ ეტაპზე შვეიცარიელი ბინტა ნდიაიე იქნება.

63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი ჩინელ ჯინ ტანგს შეხვდება, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კი კოლუმბიელ ბრიჯიტ კარაბალის დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატზე 20 ივნისს გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს. საქართველოს პირველი მეტოქე ჩინეთი იქნება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გუნდური ასპარეზობისთვის ჩვენს ნაკრებს დაემატებიან: მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.

მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატზე ხვალ, 13 ივნისს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და ქალთა 48 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 14 ივნისს – კაცების 66 და ქალების 52 კგ-ებში, 15 ივნისს – კაცების 73 და ქალების 57 კგ-ებში, 16 ივნისს – კაცების 81 და ქალების 63 კგ-ებში, 17 ივნისს – კაცების 90 და ქალების 70 კგ-ებში, 18 ივნისს – კაცების 100 და ქალების 78 კგ-ებში, ხოლო 19 ივნისს – კაცების +100 და ქალების +78 კგ-ებში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) – ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.