მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია - ჯანი ინფანტინო

ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, აშშ-ში გასამართი 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია.

„ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ფეხბურთისთვის, განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთისთვის. ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატს. ახლა ყველა იმ მუნდიალზე საუბრობს და სწორედ ამიტომ, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულია.

„ვცდილობთ, სპორტი უნივერსალური გავხადოთ. ელიტური დონე დღეს რამდენიმე კლუბსა და ქვეყანაზეა კონცენტრირებული, ამიტომ გვინდა, შანსი ყველა კონტინენტის გუნდებსა და ფეხბურთელებს მივცეთ.

თუ ბილეთი ძვირია – გვაკრიტიკებენ, თუ იაფია – ისევ გვაკრიტიკებენ. სტუდენტებისთვის გაკეთებული აქციებიც კი გაკიცხეს, თუმცა ჩვენ არ გვინდა ცარიელი ტრიბუნები. დარწმუნებული ვარ, სტადიონები თითქმის ბოლომდე შეივსება.

უსაფრთხოება ყოველთვის უმაღლესი პრიორიტეტია. როცა რაღაც ხდება, მაგალითად, ლოს ანჯელესში, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით. მუდმივ კავშირზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გვინდა, რომ გულშემატკივრებმა თამაშებზე უსაფრთხო გარემოში შეძლონ მისვლა“, – აღნიშნა ინფანტინომ.

2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ექვსი კონტინენტის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

პირველი მატჩი 15 ივნისს, მაიამიში „ჰარდ როკ სტადიონზე“ შედგება. ერთმანეთს ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ და ეგვიპტულ „ალ აჰლი“ შეხვდებიან.