ბაზრიდან იღებენ „ნესტლეს“ ბავშვთა საკვების პარტიებს – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 106
სურსათის ეროვნული სააგენტოს წერს, რომ მიმდინარეობს „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი.
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:
NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811
სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს ის“ – იუწყება სააგენტო.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.
„Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.
აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში“ – წერს სურსათის სააგენტო.
უწყება აღნიშნავს, რომ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
