უცხოეთში მიღებული ნიშნების აღიარება სკოლის კომპეტენცია გახდება - კანონპროექტი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 74
უცხოეთში მიღებულ ზოგადი განათლების აღიარების უფლება სკოლებზე გადავა, აღიარების პროცესი კი უფასო ხდება. ამ დრომდე ამის კომპეტენცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს. ცვლილებები "ზოგადი განათლების კანონში" შედის, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს დაიწყო.
დღეისთვის მოქმედი კანონის მიხედვით, თუ მოსწავლე სკოლის დასრულებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობს უცხოეთში, შემდეგ ბრუნდება და სურს საქართველოს სკოლებში სწავლის გაგრძელება, მისი უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება უნდა მოხდეს. ფორმალურად ამას სწორედ განათლების ხარისხის ცენტრი აკეთებს მას შემდეგი, რაც ის სკოლიდან მიიღებს შესაბამის განაცხადს და დასკვნას. ეს არ ეხება ატესტატების აღიარების საკითხს.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ინიციირებულ ცვლილებებზე დღეს, განმარტებები პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტში გამართულ სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გააკეთა.
"აქ საუბარია სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებაზე, ანუ ნიშნებზე. ანუ იმ პერიოდში მოსწავლეს არ დაუმთავრებია შესაბამისი სკოლა, შუალედში აპირებს გადმოსვლას... შესაბამისი პროცედურა დღეს არის შემდეგი: ის მიმართავს შესაბამის სკოლას, იმისთვის რომ მოხდეს გარკვეული ნიშნების აღიარება, შემდეგ ეს ფორმალურად იგზავნება განათლების ხარისხის ცენტრში. პრეტენდენტი იხდის მოსაკრებელს, ამის სტატისტიკაც გვაქვს, დაახლოებით ეს არის 40-დან 250 ლარამდე. პრაქტიკულად ფორმალურ დონეზე აკეთებს განათლების ხარისხის ცენტრი ამის გადამოწმებას და შემდეგ უკვე მაინც სკოლა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ამ ნაწილში მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ გავამარტივოთ ფორმალური და ფინანსური ნაწილი. ეს პროცედურა უფასო გავხადოთ და სრულად დელეგირება მოვახდინოთ სკოლაზე, რაც პრაქტიკაში ისედაც ასეა. მოხდება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისი საგნების დადარება, რათა შესაბამისი ასაკიდან გამომდინარე იმავე კლასში გააგრძელოს მოსწავლემ სწავლა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მისივე თქმით, მოსაკრებლის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 80 000-დან 100 000 ლარამდე დააკლდება, თუმცა სამაგიეროდ გამოთავისუფლდება განათლების ხარისხის ცენტრში ადმინისტრაციული კადრების ნაწილი, რომელსაც დიპლომების აღიარების პროცესისკენ მიმართავენ.
"გამოთავისუფლებული კადრები 5 მლნ ლარის დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას მოგვცემს დიპლომების აღიარების კუთხით. ამიტომ ვფიქრობთ, ფინანსურად ძალიან სწორად ვიქცევით", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლების სკოლებისთვის დელეგირების საკითხზე ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტში ამ ეტაპზე პირველი მოსმენით განიხილავენ. განმარტებითი ბარათის თანახმად, საერთაშორისო პრაქტიკით უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული, შესაბამისად, ცენტრის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. "ცენტრის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი სახელმწიფოების პრაქტიკა: ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ხორვატია, რუმინეთი, ისრაელი, ავსტრალია, თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების შესაბამისი ეროვნული სააგენტოს ჩართულობის გარეშე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
