გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 172
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლას კენტს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში ნიკოლას კენტის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს“ პროექტზე ისაუბრეს, როგორც აშშ-ისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელ მაგალითზე. ამასთან, განიხილეს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული გაცვლითი პროგრამები, მათ შორის, Fulbright-ის პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
