სექტემბერში პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა?

2025 წლის სექტემბერში პროდუქციის წარმოება როგორც წლიურ, ასევე წინა თვესთან შედარებით გაძვირდა.

საქსტატის გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.4%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 17.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24%);

• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.07 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.1%) და სასმელებზე (4.7%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

2025 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 6.5%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.44 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (1.7%). გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა.