პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის შემდგომი განვითარება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
„პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ. ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას. მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის. ბუნებრივია, ვალუტის სიმყარე არის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილურად შენარჩუნების შედეგი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ეკონომიკური ზრდის და ამ ტემპების შენარჩუნების მნიშვნელობას. გვაქვს ახალი ინიციატივებიც, რომლებიც წაადგება მომავალში ეკონომიკის განვითარებას. გვაქვს ახალი, მსხვილი ინვესტიცია, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზე გადადის და ბუნებრივია, ესეც წაადგება ეკონომიკის ზრდას. მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალშიც ეკონომიკას და ეს იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები.
„მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა იმ საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, იმისათვის, რომ გამოსწორდეს პრობლემური პროექტები და ასევე იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს მთავრობაა უცილებლად შეასრულებს.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა. ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მლნ არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყენის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ვფიქრობ, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
