ქვეყნის განვითარების მოქმედი სტრატეგია იყო შედგენილი 2030 წლის ჩათვლით, რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, ის მომზადდება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის 2026-2035 წლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
პრემიერის თქმით, დოკუმენტში კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტი.
„ქვეყნის განვითარების მოქმედი სტრატეგია იყო შედგენილი 2030 წლის ჩათვლით. რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, ის მომზადდება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის 2026-2035 წლებისთვის. შესაბამისად, აქ იქნება შემდეგი ათი წლისთვის ასახული პრიორიტეტები. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტის შინაარსს, ამაზე გვექნება საუბარი მინისტრებთან ერთდ. ეს უნდა იყოს ძალიან ლაკონური დოკუმენტი, კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, დღევანდელი დღიდან რა შედეგზე უნდა გავიდეთ 10 წელიწადში. ამას კონკრეტული ვადებით დაერთვება სამოქმედო გეგმა. ეს ძალიან ლაკონური, კომპაქტური დოკუმენტი იქნება, სადაც ზუსტად განისაზღვრება ის შედეგები, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ 10-წლიან პერსპექტივაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს განათლების კონცეფციის შვიდივე პუნქტი.
„გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის.
„როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და კერძო სექტორი, აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი. შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომით ბაზარზე მორგებით, გადავანაწილოთ კვოტები დისიპლინების მიხედვით და უნივერსიტეტების მიხედვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც.
„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, 8 საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯების და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.
„Eagle Hills-ის პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მე მახსენდება რამდენიმე თვის წინ როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით მაშინ აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული.
დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი არის უპრეცედენტო ქვეყნისთვის, საუბარია 6,5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე.
„ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება პირობებს, ხელშეკრულების პირობებში მაქსიმალურად არის ასახული სახელმწიფოს ინტერესები. მადლობა მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები ასახულიყო ამ ხელშეკრულებაში და ეს 33 პროცენტიც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რაც შეეხება ვალდებულებებს, ვალდებულებები არის ორმხრივი, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ არც ერთ ისეთ ვალდებულებაში, რომელმაც რაიმე რისკი შეიძლება, შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს, პირიქით, ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ყველა ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით. 
„რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას. მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, როდესაც საქმე ეხება მთავრობის საქმიანობას, პრივატიზაციას, შესყიდვებს, ტენდერებს და ა.შ. ყველა ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით, ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. 2024 წლის 8 თებერვლიდან, მთავრობის დამტკიცების დღიდან მოყოლებული, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნაბიჯი, სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს. ეს არის, რაზეც მე შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, 2024 წლის 8 თებერვლიდან, კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მიღებული იქნა არაერთი ზომა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამორიცხულიყო კორუფცია ქვეყანაში.
„რაც შეეხება თანხების ამოღებას, დაახლოებით 20 მილიონის თანხებია ამოღებული და ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე შესაბამისი უწყებები გაგცემენ პასუხს. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცეებში ჩაღრმავება იყო შეუძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით და მან გააკეთა პირდაპირი განცხადებები კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. იმ დღიდან მოყოლებული, 2024 წლის 8 თებერვლიდან კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ჩვენ მივიღეთ არაერთი ზომა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ ფულის ამოღება გვინდა თუ სხვა რამ - ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას კორუფციისადმი ვაჩვენებთ არა მხოლოდ იმით, რომ წარსულ საქმეებში ჩავიხედეთ, არამედ, იმით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისათვის, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველა პროცედურა, მათ შორის, ტენდერები, პრივატიზაცია და ა.შ. ეს აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით კორუფციის აღსაკვეთად ჩვენს ქვეყანაში, რის შედეგებსაც საზოგადოება იხილავს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის თებერვლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაქსიმალური ზომები იქნა მიღებული, რომ კორუფციის პერსპექტივა დასულიყო ნულამდე.
„მთავრობის ყველა აქტი 2024 წლის თებერვლიდან არის სრულიად ღია და გამჭვირვალე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩახედოს, გამოქვეყნებულია ათასობით აქტი. ერთი აქტიდან მაინც თუ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, გავცეთ ნებისმიერ კითხვას პასუხი. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერებთან, შესყიდვებთან დაკავშირებით, ყველა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე. აქაც მთლიანად შეიცვლება პრაქტიკა. პირდაპირი მიყიდვა ხდებოდა ძალიან ხშირად, პირდაპირი წესით ქონების გახსვისება, ასეთ პირობებში ბიუჯეტი კარგავდა თანხებს. ყველა ობიექტი გადის 2024 წლის თებერვლიდან აუქციონზე. მთავრობის ჩამოყალიბების დღიდან, ყველა ობიექტი გადის აუქციონზე, შესაბამისად, აქაც თეორიულადაც შეუძლებელია რაიმე კორუფციული გარიგების დადება. ეს არის მთავარი, როდესაც საუბარია კორუფციის დაძლევაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კითხვები არსებობდა ჩანაცვლებით თერაპიასთან,  ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღო. 
„საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების  და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, იქ ზომებიც მივიღეთ. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან. ეს არის ჩვენი მიდგომა. არსად თვალს არ დავხუჭავთ, არაფერთან დაკავშირებით, წარსულში იყო ეს, დღეს არის თუ ხვალ. მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ და მზად ვართ, რომ ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გაგცეთ პასუხი“, -  განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
