სტატისტიკის ეეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 113 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.6 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 15.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 15.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 10.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.0 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.0 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 129.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 31.7 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 61.3 პროცენტი – ღორი, ხოლო 5.7 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 1.3 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 274.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, სასაკლაოების მიერ 2025 წლის მესამე კვარტალში 16.7 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 29.1 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 35.2 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.7 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.9 ათას პირს, საიდანაც 46.4 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 966 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 39.9 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.8 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.2 ლარი.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 312 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 57.1 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო თბილისში (14.1 პროცენტი), კახეთის რეგიონში (8.7 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.5 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.2 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (2.9 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.0 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.0 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.0 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3 პროცენტი).
საანგარიშო პერიოდში, მომსახურება გაეწია 373 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 748 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 740 კაცით განისაზღვრა.
2025 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 108.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 32.8 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.1 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 19.4 პროცენტი – თევზეული, 19.0 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 4.6 პროცენტი – რძის პროდუქტები და 4.1 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2025 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 24.4 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 25.7 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 49.9 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იქნა 207.0 მილიონი ლარის ღირებულების 24.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 40.8 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 16.8 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა ადგილობრივმა პროდუქციამ – 42.5 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 11.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.4 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
