2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. წლიურ ჭრილში კი რეზერვები 1.7 მილიარდი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი.
რეზერვების მატება სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვებს უკავშირდება, რაც უკვე 1.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სავალუტო შესყიდვების დეტალური სტატისტიკა 25 დეკემბერს გამოქვეყნდება.
გარდა რეზერვების შესყიდვისა მათი ზრდა წელს ოქროს ღირებულების მკვეთრმა მატებამაც განაპირობა. ეროვნულმა ბანკმა 7.2 ტონა ოქრო 2024 წლის გაზაფხულზე, 500 მილიონ დოლარად იყიდა და ეს მარაგი ამჟამად უკვე 961.8 მილიონი დოლარი ღირს, შესაბამისად ოქროს გაძვირებით სებ-მა 462 მილიონი დოლარის სარგებელი მიიღო.
