ოქტომბერში მშენებლობა როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში გაძვირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშენებლობის ღირებულების ოქტომბრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით , ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა.
მათ შორის:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.02 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.3 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.5 %-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 %-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.4 %-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2 %-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.03 და 0.32 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.7%-იანი ზრდით, რამაც 0.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.2 პროცენტით.
