2025 წელს საქართველოში სურსათის პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტმა რეკორდულ 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით, ანუ 378 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. კონკრეტული ჯგუფებიდან ყველაზე დიდი მოცულობის - 238 მილიონი დოლარის იმპორტი საქართველოს ხორცის პროდუქტების მიმართულებით ჰქონდა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ყველაზე დიდი დეფიციტი სწორედ ხორცის და რძის პროდუქტების მხრივ აქვს, შესაბამისად ამ საქონლის იმპორტი ყველაზე მაღალია.
ქვეყნების მიხედვით, საქართველომ ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქტი რუსეთიდან იყიდა, რაც ჯამურად 539 მილიონ დოლარს შეადგენდა, სადაც მარცვლეული პირველ პოზიციას იკავებდა. სურსათის იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 242 მილიონი დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა 139 მილიონით.
რეიტინგის სათავეში ასევე არიან ბრაზილია - 104 მილიონი დოლარით; პოლონეთი 90.4 მილიონი დოლარით და საფრანგეთი 87 მილიონი დოლარით, საიდანაც საქართველო ძირითადად რძის პროდუქტებს ყიდულობს.
სასურსათო ჯგუფების იმპორტი 2025 წელს:
# სასურსათო ჯგუფი იმპორტის მოცულობა - დოლარი
1 ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, მათ შორის გაყინული $237,857,700
2 რძის პროდუქცია $189,587,500
3 კვების სხვადასხვა პროდუქტები $185,268,200
4 საკვებად ვარგისი ნაყოფი და კაკალი; ციტრუსების ან ბახჩეული კულტურების ქერქი და კანი $182,431,100
5 მზა პროდუქტები პურეული მარცვლოვნების, ფქვილის, სახამებლის ან რძისგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი $180,698,400
6 ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები $174,604,900
7 მარვცვლოვანები და ბურღული $160,093,500
8 კაკაო და პროდუქტები მისგან $134,022,600
9 ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები $124,823,200
10 შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან $122,910,100
11 ბოსტნეულის, ნაყოფის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები $115,372,100
12 ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები $87,765,700
13 ყავა, ჩაი და სანელებლები $76,367,600
14 თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები $72,800,700
15 მსხვილფეხა და წვრილფეხა ცოცხალი საქონელი $67,711,200
16 მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან $63,388,000
17 ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ხორბლის წებოვანა $47,486,200
