2025 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა და გაძვირდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, გასული წლის 12 თვეში ქვეყანამ, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13.4%-ით ნაკლები კვერცხი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველომ 15 936 000 ერთეული კვერცხი შეიძინა, რომლის ღირებულებამაც $1 226 600 შეადგინა. 2024 წელს ნაყიდი კვერცხის რაოდენობამ 18 406 000 ერთეული შეადგინა, ღირებულებამ კი - $836 500.

შესაბამისად, თუ 2024 წელს ერთეული კვერცხის საშუალო ღირებულება საქართველოსთვის დაახლოებით 4.5 ცენტი იყო, 2025 წელს ქვეყანა იმავე პროდუქტს ერთეულზე საშუალოდ თითქმის 8 ცენტად ყიდულობდა.

შეიცვალა სავაჭრო ბაზრებიც. 2024 წელს შემოსული კვერცხის სრული რაოდენობა ქვეყანამ მხოლოდ ერთი ქვეყნიდან, თურქეთიდან შეიძინა. 2025 წელს კი პროდუქცია სამი ქვეყნიდან შემოვიდა:

თურქეთი - $1.15 მილიონის ღირებულების 14.7 მილიონი კვერცხი;
თურქმენეთი - $46.8 ათასის ღირებულების 953 ათასი კვერცხი;
ბელარუსი - $23.7 ათასის ღირებულების 229 ათასი კვერცხი.
საქმე ის არის, რომ 2025 წლის განმავლობაში აშშ-ში ფრინველის გრიპის გამო კვერცხის მნიშვნელოვანი დეფიციტი შეინიშნებოდა. სწორედ ამიტომ, თურქეთი საექსპორტოდ აშშ-ის ბაზარზე გადაერთო, სადაც, წლის პირველ 8 თვეში კვერცხის ექსპორტი 400%-ით გაზარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, კერძოდ კი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო კვერცხს ალტერნატიულ ბაზრებზე ყიდულობდა. თურქეთიდან კვერცხის იმპორტი საქართველომ ოქტომბრიდან დაიწყო და, სამი თვის განმავლობაში, მოცულობები ეტაპობრივად გაზარდა.