ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები ჯამურად, გაიზარდა 6,4 პროცენტით. 

"თავის დროზე რა ხდებოდა ეროვნულ ბანკში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. გახსოვთ, იყო პერიოდი, როდესაც ბატონი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბევრი კითხვის ნიშანი იყო მასთან დაკავშირებით. მე მაინც აქცენტს გავაკეთებდი ბოლო წლების მაჩვენებელზე, რადგან ჯამურად ჩვენ რომ ავიღოთ 2014-2025 წლები, იქ დისპროპორცია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან შეინიშნება, მაგრამ წამოვიდეთ აქეთ, როდესაც ბატონი ქადაგიძეც აღარ იყო და რაღაცები მოწესრიგდა. ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან დღემდე, ამ პერიოდის განმავლობაში საპირისპირო დისპროპორცია იყო ფულის მასის ზრდის კუთხით, რადგან ფულის მასა იყო 30,4 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 57,7 მილიარდი, როდესაც ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა. 2014-2025 რომ ავიღოთ, კი ბატონო, საპირისპირო დისპროპორცია იყო. გვახსოვს, რომ კურსის ცვლილებაზეც აისახა ეს ყველაფერი და ბევრი კითხვა იყო ბატონ ქადაგიძესთან დაკავშირებით, საბოტაჟზე ეჭვები და ა.შ. მაგრამ მას შემდეგ განსხვავებული ვითარებაა. რომ ავიღოთ 2020 წლიდან პერიოდი და არა 2014 წლიდან პერიოდი, აქ საპირისპირო დისპროპორცია გვაქვს ჩვენ. ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა. რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი. 

ფულის მასა დაკავშირებულია ნომინალურ მშპ-სთან. რაც შეეხება ინფლაციას, ბოლო სამი წლის მონაცემები მაქვს. იყო მაღალი ინფლაცია 2019-2022 წლებში. რაც შეეხება ბოლო სამ წელიწადს, ამ სამი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები, ჯამურად სამ წელიწადში გაიზარდა 6,4 პროცენტით

რაც შეეხება იმპორტ დამოკიდებულებას, ძალიან ბევრი რამ კეთდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნისთვის და მცირე მიწიანი ქვეყნისთვის, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ინვესტიციები იდება. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამან შედეგად მოგვცა რა, რომ საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება.

ურთულესი ამოცანა იყო, რომ არა ასეთი ინვესტიციები, ეს ვერ იქნებოდა მიღწეული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბოლოო ჯამში არის ბევრად იაფი, ვიდრე ანალოგიური პროდუქცია, რომელიც მაგალითად საფრანგეთში იყიდება. ეს არის ზუსტად იმ საბიუჯეტო ინტერვენციის შედეგი, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში ხორციელდება და გაათმაგებულია სახელმწიფო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სფეროში. არის უამრავი კონკრეტული პროგრამა, მათ შორის სესხების სუბსიდირება და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.