"ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს" - პრემიერი

სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

 

„ჩვენი მეღვინეობა დღეს მძლავრი და თანამედროვე ინდუსტრიაა. ბოლო ათწლეულში, ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია: 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება.

 

სახელმწიფო პოლიტიკამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ მწარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად, პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს.

 

სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს.

 

მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღვინო ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, 525-ზე მეტი ენდემური ჯიში კი ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

 

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივების განხილვას ეძღვნება. ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე იქცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. 525-ზე მეტი ენდემური ჯიში ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს,“- განაცხადა პრემიერმა.