I კვარტალში საქართველოდან გამყვანი ტურიზმი 1.7%-ით გაიზარდა

2026 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 641 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამ ვიზიტებიდან 329 ათასი ტურისტული ტიპის იყო, რაც საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 1.7%-იანი ზრდაა.

I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა, შემდეგ მოდის საყიდლები (32%), ხოლო მესამე ადგილზეა დასვენება და გართობა (20%).

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა, შესაბამისად, 172 ათასი და 89 ათასი ვიზიტი. რაც შეეხება ხარჯებს, მიმდინარე წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 629 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 31%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი გასული წლის I კვარტალთან შედარებით 27%-ით 1 268 ლარამდე არის გაზრდილი.