„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, "კუმისის" თანადამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ კვერცხის ფასი არ გაზრდილა. მან ამის შესახებ BM.GE-ს საქსტატის მონაცემების შესახებ განუცხადა, რომლის მიხედვითაც მაისში კვერცხი წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით, ხოლო წლიურად 1.1%-ით გაძვირდა.
როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, შეიძლება იყოს რიგი გამონაკლისები, თუმცა მასობრივად პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა.
"[კვერცხი რომ გაძვირდა] ვერაფრით დავეთანხმები, არ გაგვიძვირებია ჯერჯერობით. იანვარში ხომ გაძვირდა კვერცხი სიტუაციებიდან გამომდინარე და მერე, ვინაიდან შეიქმნა [ფასების] კომისია, დაიწყო მუშაობა და გაჩნდა რაღაც ოპტიმისტური განწყობა, რომ დღგ-ს გაუქმება, საზღვრის დაცვა იქნება და ქეშბექების თემის მიმართულებით რაღაცა მოძრაობები დაიწყო, ის პროცენტი, რაც გვქონდა მომატებული, მწარმოებლებმა დავაკელით, მაგრამ შეიძლება სადმე, დავუშვათ რომელიმე ქსელში ან არ დააკლეს, ან ნაკლები დააკლეს ვიდრე მოუმატეს. ჯერჯერობით არაფერი მოგვიმატებია. ყველაზე რთულად გასაყიდი პერიოდია მაისი-ივნისის თვე, მალფუჭებადი პროდუქტია, არ უყურებს სიცხე და შესაბამისად, ამ ეტაპზე არ მოგვიმატებია. მერე ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია და მოვლენები",- ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.
"[ჩვენი მიმართულებით] აბსოლუტურად არაფერი ყოფილა გარდა იმისა, რომ კვერცხი ჩაიდო [სასურსათო] კალათაში. კვერცხი, რომ მნიშვნელოვანი პროდუქტია ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ ჩვენთან მიმართებით არც დღგ-ში და არც მიწოდებაში, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა",- აღნიშნავს ის.
რაც შეეხება მოლოდინებს კვერცხის ფასთან დაკავშირებით, „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" თავმჯდომარეს პროგნოზის გაკეთება უჭირს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც სექტორს აქვს და შესაძლოა ფასზე ნეგატიურად აისახოს. მან ინტერვიუში ასეთად ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის გაძვირება დაასახელა. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, პროდუქტი იმპორტით აღარ შემოდის, ადგილობრივი რაოდენობა საკმარისი არაა, დეფიციტმა კი ფასი გაზარდა.
"მოლოდინები არის ძალიან რთული. 2015 წელს არის კანონი მიღებული, რომელიც კრძალავს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული საქონლის შემოტანას, იმ გენისას, რომელსაც სიმინდი და სოიო შეიცავს ბევრ შემთხვევაში. ეს კანონი არ გახსენებია არავის სადღაც აპრილამდე. ახლა ამუშავდა ეს კანონი და სიმინდი აღარ შემოაქვთ. ადგილობრივი სიმინდი, ისე როგორც ძალიან ბევრი სხვა საქონელი, არ არის იმდენი, რამდენზეც მოთხოვნაა, ანუ ვერ ვაკმაყოფილებთ საკუთარ თავს და საკმაოდ სერიოზულად გაძვირდა სიმინდი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ფრინველის კვებაში და მოლოდინი არის რთული, ანუ არ ვიცით რა გავაკეთოთ. მიდის ამ საკითხზე ყველგან მსჯელობა, პასუხი არსად არ არის ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. სიმინდი, საფურაჟე სიმინდზე მაქვს საუბარი, ქვეყანაში არ შემოდის, ადგილობრივი მარაგები იწურება და კილოგრამის ფასი რომ იყო 70 თეთრი, გახდა ლარი. ამ მოცემულობით, ცოტა გაგვიჭირდება თავის გატანა და ფასის შენარჩუნება. რა იქნება არ ვიცით. სიმინდის გარეშე ქათამი როგორ უნდა შეინახო, არ ვიცი",- აღნიშნა მან.
