დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს შემდგომი მხარდაჭერა ესაჭიროება.
„ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე.
„კორპორაციას გაცილებით უფრო ფართო მანდატი ექნება. ის არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან გაერთიანების გზით, თანამედროვე, მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება. კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები. კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით. საბოლოოდ, მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად.
ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს.
მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ყველას, ვისაც კორპორაციის შექმნის იდეა ეკუთვნის და ამ იდეის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, გილოცავთ კორპორაციის შექმნას და კორპორაციას ვუსურვებ წარმატებებს!,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, რაც არის საზღვრებს შორის კავშირის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანი. უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის ჩვენი გეგმის თანახმად სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე. მათ შორის, თბილისსაც აუვლის გვერდს ეს ავტობანი და თბილისის განტვირთვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა დაინტერესება ბიძინა ივანიშვილს სანატორიუმებთან დაკავშირებით, რაზეც იგი 2019 წელს საუბრობდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას, თუმცა, სახელმწიფოს აქვს ყველანაირი რესურსი კურორტის გასავითარებლად.
„2019 წელს, თუ არ ვცდები, ნამდვილად ითქვა ასე. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-2021 წლები, კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები. ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა, ბუნებრივია, ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ამაში ლოგიკურად მოიაზრება, ბუნებრივია, წყალტუბოს ინიციატივა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს.
ზოგადად, რა თქმა უნდა, დე ფაქტო სანქციები ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, ბუნებრივია, ეს ასეა. თუმცა ამის მიუხედავად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. მას, მთლიანობაში, მრავალმილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეს სასტუმროც ამის ერთ-ერთი მაგალითია და არამარტო. მათ შორის, ტურიზმის სექტორში აქვს უამრავი ძალიან მასშტაბური ინიციატივა განხორციელებული, რამაც თვისებრივად შეცვალა ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები, გააძლიერა ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში, შესაბამისად, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, არასდროს ერიდება, პირიქით, ყოველთვის კონკრეტული ინიციატივებით გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამის უამრავი მაგალითია. რაც შეეხება წყალტუბოს, ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენეთ. წყალტუბოს განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და ეს აუქციონი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ ინიციატივის განხორციელებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის ზრდას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო.
„პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები იყო სერიოზული, ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია რა თქმა უნდა, ტურისტულ ნაკადებზე. ამის მიუხედავად, იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც. მათ შორის ამას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო. თუ დააკვირდებით ახალ ნაკადებს, პირდაპირ არის კავშირში ეს ახალი ნაკადები ახალ პირდაპირ ფრენებთან, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაცია - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას.
„ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აქეზებდნენ მოძალადე მომიტინგეებსაც და მათ მშვიდობიან მომიტინგეებად მოიხსენიებდნენ, რაც იყო ჩვეულებრივი ფარსი.
„ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად, რაც არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულები ვართ. ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული. მთავარია, სამართლიანობა, მთავარია ჯანსაღი მიდგომა, სწორი განცხადებების კეთება, რასაც ვერ ვხედავდით ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ, პირველ რიგში, ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა.
„ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, ხალხის ნაცვლად, არჩევნების წინ ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს,არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ და ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. ჯერ 2012 წლამდე, თქვენ იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და მერე 2012 წლიდან მოყოლებული. ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016 წელს, 2020 წელს, 2024 წელს საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, პრაქტიკულად სცადეს ყველა არჩევნების ჩაშლა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მათ შორის ჯერ მარგველაშვილი, მერე ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, ყველა პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო, შემდეგ უწევდათ „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შესვლა, „არალეგიტიმური“ პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თვითმიზანი იყო საბოტაჟის განხორციელება, კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს. აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შეგნებული, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა.
„ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია, მივაწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ. მათ ჰქონდათ შეგნებული ის, რომ მოქმედებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ, კონსტიტუციური წყობილების დასამხობად. დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სინამდვილეში უპირისპირდებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, მათ შორის, არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე, ყოველ ჯერზე, წლიდან წლამდე, მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმეს თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს.
„მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშრებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის განცხადებების მიმართ.
„როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესეც ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა იმიტომ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი შიდა საქმე. ეს არის ჩვენი ტერიტორიები. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც, ბუნებრივია, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს.
სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე. ერთ ქვეყანასაც და მეორე ქვეყანასაც უნდა ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში. სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ხარისხი არის განსვავებული იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტში ჩარევა. შესაბამისად, სულისკვეთება არის ერთი და იგივე, მასშტაბი განსხვავებულია.
იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს. რუსეთთან დაკავშირებითაც კი იგივე შემიძლია გითხრათ. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც სასაუბროდ. თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება და ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით, უბრალოდ თვითონ არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას“,- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, მათი ერთადერთი ინტერესია - რას იტყვიან ქვეყნის გარედან.
„ისინი სულ იყურებიან გარეთ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რას ფიქრობს საზოგადოება, ერთადერთი აინტერესებთ, რას იტყვიან ქვეყნის გარედან.
რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში.
სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება, ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. თუმცა აქ არ არის მთავარი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განმარტებით, განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები.
„ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს, არ დაუშვეს, ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება, ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში, ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო, მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა სავარაუდოდ. ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები. ჩვენ ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს. ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს. ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური, მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
