ადგილობრივი მედიის ცნობით, „თამარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს“ - მეარაყიშვილს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ“.
"სასამართლოს" სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ჟურნალისტებსა და თამარის ოჯახს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს. მეარაყიშვილის მშობლებს თამართან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს.
მეარაყიშვილი "დანაშაულს" არ აღიარებს და განაგრძობს წინა დღით დაწყებულ შიმშილობას. ის მხოლოდ წყალს სვამს მედიკამენტების მიღებისას.
დაპატიმრებამდე მეარაყიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა მოითხოვა.
ოკუპირებულ რეგიონში სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ბრალდებები შეთითხნილია. დაკავების ფაქტის დადასტურების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს“.
წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მისთვის ჩამორთმეული ჰქონდათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.
