რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი?

ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-19 პაკეტს ამზადებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და საფინანსო სექტორებზე. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ზეწოლის გაზრდა, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს და ომი შეწყვიტოს.

მე-19 პაკეტით ასევე დამატებით შეიზღუდება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირება და სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა, რაც ისევ დიდ გამოწვევად რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დამატებით 118 ხომალდის და ტანკერის სანქცირებაზე.

ამასთან, ევროკავშირში სრულად აიკრძალება რუსული თხევადი გაზის იმპორტი, რომელიც ძალაში 2027 წლიდან შევა.

აგრეთვე, დაგეგმილია იმ კრიპტოპლატფორმების, ბანკების და კომპანიების სანქცირება, რომლებიც რუსეთს არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.