აშშ-სა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შეთანხმება გააფორმეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 59
აშშ-სა და ავსტრალიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი ლითონებისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების გაძლიერებას იმ ფონზე, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს შეამციროს ჩინეთის დომინაცია ამ სტრატეგიულ ბაზარზე.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს 8.5 მლრდ დოლარის (13 მლრდ ავსტრალიური დოლარი) ღირებულების „მზადყოფნაში მყოფი“ პროექტების მხარდაჭერას, რაც გააფართოებს ქვეყნის სამთო და გადამამუშავებელ შესაძლებლობებს.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ და ავსტრალია მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ერთობლივად 1 მლრდ დოლარს ჩადებენ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტებში.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ფასების პოლიტიკა, ნებართვების გაცემის პროცედურები და სახელმწიფო ზედამხედველობა სექტორის კომპანიებისა და პროექტების გაყიდვებზე.
აშშ-ის მხრიდან ცალკე გამოცხადდა დასავლეთ ავსტრალიაში 100 ტონა-მდე სიმძლავრის მქონე მოწინავე გალიუმის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაფინანსება და დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარის გამოყოფა კრიტიკული მინერალების პროექტების მხარდაჭერისთვის, ექსპორტ-იმპორტ ბანკის მეშვეობით.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.
„დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გეცოდინებათ რისთვის გამოიყენოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი დღეს იშვიათი ლითონების მოპოვების 70%-სა და გადამუშავების 90%-ს აკონტროლებს, რაც აშშ-ს კომპანიებს მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდის ჩინურ მიწოდებაზე, განსაკუთრებით მიმდინარე სავაჭრო დაძაბულობის ფონზე.

No article in the selected categories