იტალია პირველი ქვეყანა გახდა, რომლის სამზარეულოსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ისტორიაში პირველად, იტალიური სამზარეულო იუნესკომ "არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად" ოფიციალურად აღიარა.

"ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ, ვინც ეს აღიარება მოიპოვა; ეს პატივს მიაგებს ჩვენს იდენტობას. ჩვენთვის, იტალიელებისთვის, სამზარეულო არ არის მხოლოდ საკვები, ან უბრალოდ რეცეპტების კრებული. ის გაცილებით მეტია - ის არის კულტურა, ტრადიცია, შრომა და სიმდიდრე", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.

გადაწყვეტილება იუნესკოს კულტურულმა პანელმა ნიუ-დელიში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ამ კენჭისყრით დასრულდა პროცესი, რომელიც იტალიამ 2023 წელს წამოიწყო და რომლის ფარგლებშიც მთავრობა ქვეყნის კულინარიულ ტრადიციას წარმოაჩენდა სოციალურ რიტუალად, რომელიც ოჯახებსა და თემებს აკავშირებს.

იუნესკოს კონკრეტული ცნობილი კერძები ან რეგიონული სპეციალიტეტები არ გამოუყვია. სანაცვლოდ, გადაწყვეტილების ტექსტში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად აფასებენ იტალიელები საკვებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ რიტუალებს: დიდ საკვირაო სადილს, ტრადიციას, როცა ბებიები ბავშვებს ტორტელინის სწორად შეხვევას ასწავლიან, და სუფრასთან ერთად შეკრებას.

თავის განცხადებაში იუნესკომ იტალიური სამზარეულო აღწერა, როგორც "კულინარიული ტრადიციების კულტურული და სოციალური ნაზავი".

"მომზადების მიღმა, ტრადიციის მატარებლები ამ ელემენტს აღიქვამენ, როგორც საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვის, სიყვარულის გამოხატვისა და საკუთარი კულტურული ფესვების ხელახლა აღმოჩენის გზას. ის თემებს აძლევს საშუალებას, გააზიარონ თავიანთი ისტორია და აღწერონ მათ გარშემო არსებული სამყარო", - ნათქვამია განცხადებაში.

იუნესკოს სიაში შეტანამ შესაძლოა, ქვეყანას დამატებითი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, რომელიც უკვე ცნობილია თავისი კულინარიით და სადაც აგროსასურსათო მიწოდების ჯაჭვი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 15%-ს შეადგენს.