კანადამ და საფრანგეთმა გრენლანდიაში საკონსულოები გახსნეს

საფრანგეთმა და კანადამ გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში საკონსულოები გახსნეს, რითაც ნატოს წევრი დანიის მხარდაჭერა გამოხატეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აყენებს არქტიკული ტერიტორიის შეძენის საკითხს.

საფრანგეთის გენერალურმა კონსულმა ნუუკში, ჟან-ნოელ პუარიემ განაცხადა, რომ მისი დანიშვნა ამერიკული ადმინისტრაციისთვის „სიგნალს“ არ წარმოადგენს და მიზნად გრენლანდიისა და დანიის მიმართ მეგობრობის გამოხატვას ისახავს.

"ეს სოლიდარობის საკითხიცაა - როცა მეგობრები გჭირდება, უკან იხედები და ხედავ, ვინ არის შენთან", - თქვა პუარიემ.

დანიაში საფრანგეთის ელჩის, კრისტოფ პარიზოს განცხადებით კი, საკონსულოს გახსნა მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ არის და წარმოადგენს "კონკრეტულ ნაბიჯს", რომელიც სამ ევროპულ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ალიანსს უსვამს ხაზს.