განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, მე-10 სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მოთხოვნის შესაბამისად ალტერნატიული ფართის მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ მედიასთან განაცხადა. სამინისტროში აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრა დღესაც იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები უკვე რამდენიმე დღეა სკოლის მშენებლობის დაჩქარების მიზნით დადიანის ქუჩას კეტავენ. ირკვევა, რომ მე-10 სკოლის მოსწავლეები, დროებით წერეთელზე მდებარე 22-ე სკოლაში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა იმის გამო, რომ შენობას ბზარი გაუჩნდა, უსაფრთხოების მიზნით, მათი გამოყვანა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე, მე-10 და 22-ე სკოლები სწავლას ონლაინ აგრძელებენ. მე-10 სკოლის მოსწავლეები და მშობლები ონლაინსწავლებას აპროტესტებენ.
განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს:
“შენობაში, სადაც მე-10 სკოლა იყო გადაყვანილი, იმ შენობას ბზარი გაუჩნდა. შესაბამისად, იძულებული გავხდით, რომ მოსწავლეები გამოგვეყვანა. ანუ შეგვეწყვიტა იმ სკოლაში სწავლა და სამხარაულის ექსპერტიზაზე გაგვეგზავნა სკოლის მდგრადობის დასადასტურებლად, დაჩქარებული წესით. ამ მოთხოვნას ველოდებით.
მე-10 სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო 190-ე სკოლაში, მეორე ცვლა. და აქვე ვიტყვი, რომ თბილისის სკოლების უმრავლესობა ორცვლიანია, თუმცა ამაზე მშობლებს ჰქონდათ პროტესტი. ველოდებით სამხარაულის დასკვნის ექსპერტიზას, თუ რამდენად მდგრადია შენობა და რამდენად უსაფრთხოა იქ მოსწავლეების ყოფნა. ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ვნახოთ უსაფრთხო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება იჯარით აღება და სასწავლო პროცესის უწყვეტად განხორციელება“, - აცხადებს ლალი კალანდაძე.
ინფორმაციისთვის, გუშინ, 29 ოქტომბერს, "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მეათე საჯარო სკოლის სამშენებლო პროექტის დასრულება მაქსიმალურად მოკლე ვადაში იგეგმება. როგორც სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში აღნიშნა, უწყება პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
„მეათე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით პროექტი უფლებამონაცვლეობით არის გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა 2026 წლის მაისია, თუმცა პრობლემა არსებობს სპორტული მოედნის ნაწილში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს გარკვეული იურიდიული სირთულეები აქვს. კონტრაქტორი კომპანიაც ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს, რის გამოც დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ. გვესმის მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. ვეცდებით, რომ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა სოხაძემ.
