"როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს" - პრემიერი

როდესაც ერთი მხარე არ აღიარებს ხელისუფლების კონსტიტუციურობას, ამ შემთხვევაში შესაბამისმა ინსტანციამ უნდა დაადგინოს, რომ ან ერთი მხარე არის არაკონსტიტუციური ან - მეორე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, 5 წლის განმავლობაში  კონკრეტული პოლიტიკური ძალები ქვეყანას აცხოვრებენ მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივ რადიკალიზაციაში, რაც პირდაპირ ხელყოფს  ქვეყნის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს.


„აქ არის საუბარი კონსტიტუციური წყობილების აღიარებაზე, რასაც ისინი არ აკეთებენ და ასეთ პირობებში მარტივად არის საქმე - როდესაც ერთი მხარე არ აღიარებს ხელისუფლების კონსტიტუციურობას, ამ შემთხვევაში შესაბამისმა ინსტანციამ უნდა დაადგინოს, რომ ან ერთი მხარე არის არაკონსტიტუციური ან - მეორე. 5 წლის განმავლობაში, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები ქვეყანას აცხოვრებენ მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივ რადიკალიზაციაში, რაც პირდაპირ ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს და ეს რაშია გამოხატული, ხომ ხედავთ. მათი ჩართულობით, მათი მონაწილეობით, მათი ძალისხმევით არის გაუარესებული ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან. რა თქმა უნდა, ევროპული ბიუროკრატიას თავისი ცოდვები აქვს, მაგრამ ისინი პირდაპირ ეწევიან ისეთ საქმიანობას, ეს შემდგარი ფაქტია, რომ  მათი თანამონაწილეობით, რეალურად დადგა შედეგი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შიგნით პოლიტიკური დაპირისპირება გვაქვს, პირდაპირ დადგა ზიანი ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი მიზანია ევროინტეგრაცია და ისინი თავიანთი შეგნებული ნაბიჯებით აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ გაუარესდეს ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას აკეთებენ ისინი დეზინფორმაციით. ხომ გახსოვთ, შავ ხვრელად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა. ჩამოვიდა მისია, ამერიკელები, ბრიტანელები, ევროკავშირის წარმომადგენლები და პირდაპირ თქვეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, სიცრუე. მათ   დააზიანეს ჩვენი ეროვნული ინტერესები. აქ არ არის მარტო შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბარი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, როცა პარტიას არ აქვს არსებითი ზეგავლენა რეალურ პროცესზე, ამ შემთხვევაში, ის რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას და ხელისუფლებამ, სწორედ, ეს პრაქტიკა გაითვალისწინა. 

„არის, მაგალითად, იგივე გერმანიაში ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც მიჰყვება იმავე ლოგიკას. იყო, მაგალითად, შეტანილი სარჩელი „ნაციონალურ-დემოკრატიული“ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით და სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი და ეს იყო თავისი არსით ძალიან მცირე, ზეგავლენის არმქონე პარტია. როცა პარტიას არ აქვს არსებითი ზეგავლენა რეალურ პროცესზე, ამ შემთხვევაში, ის რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. ეს პრაქტიკა გავითვალისწინეთ. დაკავშირებული პარტიები არის არაერთი, ალბათ 10-15 ასეთი პარტიაა, ზოგი ფიქტიურია, ზოგი არის ერთკაციანი პარტია, ზოგი ორკაციანი პარტია, დანარჩენი მცირე პარტიები, რომლებიც ვერც კი უახლოვდებიან საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გავითვალისწინეთ სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებული, რომელიც გვეუბნება იმას, რომ თუ არსებითი გავლენით არ სარგებლობს პოლიტიკურ პროცესზე პარტია, ამ შემთხვევაში, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის და როგორც უკვე გითხარით, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, მაგალითად, წარმოებაშიც კი არ იღებს. ორი ასეთი შემთხვევა იყო მცირე პარტიასთან დაკავშირებით და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღო სარჩელი წარმოებაში სასამართლომ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო საკონსტიტუციო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა.

„რაც შეეხება „ლელოს“ დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც რაის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესზე ამას არსებით გავლენა მაინც არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ სარჩელთან მიმართებით. რაც შეეხება მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს, რომ ამ პარტიების ნაცვლად იგივე შინაარსით შექმნან ახალი პარტია, ამისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გვაქვს კანონში რეგულაციები და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნება მიღებული მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველ ჯერზე ეს პარტიები არ აღიარებდნენ არჩევნებს და ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არ იყო მარტო არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარება, ამას ემატებოდა რევოლუციის მოწყობის, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის 5 მცდელობა ამ წლების განმავლობაში. 

 

„2022, 2023, 2024-ში ორი მცდელობა და 2025-ში ბოლო მცდელობა 4 ოქტომბერს. ეს არ იყო მარტო არჩევნების არაღიარება, ამას ემატებოდა გაგრძელებად არაღიარების გაგრძელება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის პირდაპირ უშუალო მცდელობები. პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ა.შ. 

 

სარჩელში ერთი საინტერესო მსჯელობაა განვითარებული, მთელი ამ წლების განმავლობაში - ჯერ დაიწყეს 2016-ში, მერე 2018-ში გააგრძელეს და 2020 წლიდან მუდმივად ასეთ რეჟიმში აცხოვრებენ ჩვენს ქვეყანას, რომ ისინი არ აღიარებენ მმართველი ძალის და საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ისინი არ აღიარებენ არც საშინაო პოლიტიკური კუთხით ჩვენს ლეგიტიმურობას, ანუ არ აღიარებენ არჩევნებს, შესაბამისად, საშინაო პოლიტიკური კუთხით, ისინი ლეგიტიმურად არ ცნობენ ხელისუფლებას და მეორე საგარეო პოლიტიკური კუთხით, ეს პარტიები, ყველა ერთად ერთ ხმაში აცხადებს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, არა დამოუკიდებელი სუვერენული, არამედ რუსული ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, ისინი არც საშინაო პოლიტიკური კუთხით და არც საგარეო პოლიტიკური კუთხით, 5 წელია, არ აღიარებენ მოქმედ ხელისუფლებას და ცდილობენ, მოქმედი ხელისუფლების ამასთან ერთად დამხობას ან ძალადობით შეცვლას, შესაბამისად, კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას. 

 

„აქ არის ორი მხარე, ერთი მხარე რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, აცხადებს, რომ მეორე მხარე არის არაკონსტიტუციური, თავადვე აღიარებენ, რომ ორი მხარიდან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციურია, ეს არის ან მმართველი ძალა, ან არიან თავად არაკონსტიტუციურები. არ შეიძლება, ერთი მხარე მეორეს აცხადებს არაკონსტიტუციურად, ერთ-ერთი მაინც არ იყოს არაკონსტიტუციური. თავადვე აღიარებენ, რომ ვიღაც არის ასაკრძალი ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე - ან ასაკრძალია მმართველი პარტია, ან ასაკრძალია ეს სამი პოლიტიკური პარტია. ჩვენ ამ სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ასაკრძალი სწორედ ისინი არიან და ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ფაქტებით. ამ ფაქტების დიდი ჩამონათვალია მოცემული. მე მხოლოდ პირველ ნაწილზე ვისაუბრე აქამდე, რაც უკავშირდება კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას და მეორე საფუძველი სარჩელის, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიციი პირველი მცდელობა, არ ეღიარებინათ არჩევნები, შედგა 2016 წელს.

„რაც შეეხება კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ძალადობით შეცვლას, აქ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დაკავშირებულია არჩევნების არაღიარებასთან და შეგვიძლია გავიხსენოთ ყველა არჩევნები 2016 წლიდან მოყოლებული. პირველი მცდელობა, არ ეღიარებინათ მათ არჩევნები, შედგა 2016 წელს. მაშინ ძალიან მძიმედ შეაფასეს მათ არჩევნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მათ ჰქონდათ მცდელობა, მიჭრილიყვნენ ცესკოს შენობასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს მეორე ტურებს და ა.შ. ეს იყო პირველი მცდელობა, რომელიც ყველაზე სუსტი იყო და საბოლოო ჯამში, წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ პირველი მცდელობა ჰქონდათ უკვე 2016 წელს. ამის შემდეგ მეორე მცდელობა იყო უკვე 2018 წელს, როდესაც ჩვენი მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად. მაშინაც ის არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს, სცადეს ინაუგურაციის ჩაშლა, გახსოვთ, რა ხდებოდა თელავში, როდესაც უნდა შემდგარიყო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. ის, რომ ეს ყველაფერი იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ყალბი ქმედებები, იქიდან ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ მოგვიანებით თავადვე აღიარეს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. აქედან ჩანს, რომ თვითონვე აღიარეს საკუთარი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს 2018 წელს, როდესაც სცადეს არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოეცხადებინათ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით აირჩა თავის დროზე პრეზიდენტის თანამდებობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წელს შეიქმნა „ლელო“, მათ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ისინი ერთხმად მიყვებოდნენ პოლიტიკურ პროცესს.

„2016-2018 წლებში „ლელო“ არ არსებობდა, როგორც პოლიტიკური პარტია, მათი ლიდერებიც არ იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ 2020 წლიდან უკვე ყალიბდება ერთიანი პოლუსი და ამ პოლუსის შემადგენელი ნაწილია უკვე „ლელო“. რა მოხდა 2020 წელს - შეიქმნა „ლელო“, მათ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ისინი ერთხმად მიყვებოდნენ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დაკავშირებული იყო მათ შორის, 2020 წლის არჩევნებთან. 2020 წელსაც არჩევნები კიდევ ერთხელ გამოაცხადეს არალეგიტიმურად და აქაც თვითონვე მოუწიათ მოგვიანებით საკუთარი სიყალბის აღიარება. ისინი შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ მაშინ მოგვიწია მოლაპარაკებებში შესვლა, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რაც რეალურად ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მაგრამ ეს იყო ჩვენი ტაქტიკური გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, როდესაც მათ ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში. ლეგიტიმურად როგორ შეიძლება, არალეგიტიმურ პარლამენტში შეხვიდე, თუ ხარ თავმოყვარე პოლიტიკური ძალა. მანამდე ამტკიცებდი, რომ იყო არალეგიტიმური, რაც არ უნდა პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერო ხელი, როგორ შეიძლება შეხვიდე არალეგიტიმურ პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ჯერ გამოაცხადეს არალეგიტიმურად და შემდეგ აღიარეს მისი ლეგიტიმურობა, ახლაც, გამოაცხადეს პარლამენტი არალეგიტიმურად და ზუსტად რამდენიმე თვეში პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარეს და ისარგებლეს უკვე პარლამენტის მანდატებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2021 წელსაც თვითმმართველობის არჩევნები გამოაცხადეს გაყალბებულად და მოგვიანებით შევიდნენ უკვე თვითმმართველობის ორგანებში.

„2021 წელიც დადგა, ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც თავისი არსით უთანაბრდებოდა საპარლამენტო არჩევნებს. აქაც თვითმმართველობის არჩევნები გამოაცხადეს გაყალბებულად და მოგვიანებით შევიდნენ უკვე თვითმმართველობის ორგანებში. თვითონვე აღიარებდნენ თავიანთ სიყალბეს, იმით, რომ „არალეგიტიმურ“ ორგანოებში შედიოდნენ. არალეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი აღიარეს მოგვიანებით პრეზიდენტად, „არალეგიტიმური“ პარლამენტი აღიარეს  და ისე შევიდნენ პარლამენტში 2020 წელს, არალეგიტიმური ადგილობრივი თვითმმართველობა აღიარეს ლეგიტიმურად და ისარგებლეს მანდატებით, ყველა ჯერზე თვითონ აღიარებდნენ, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების კარნახით ცდილობდნენ რადიკალიზაციას და დემოკრატიული წყობილების დამხობას, მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარების გზით. იგივე განმეორდა 2024 წელს. ოთხი პარტია იყო, არც ერთი არ შემოვიდა და ამ ოთხიდან ერთმა მოგვიანებით აღიარა პარლამენტის ლეგიტიმაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით  არის მარტივი სპეკულაცია. 


„მე არ მახსენდება ასეთი კომენტარი, უკრაინაში და მოლდოვაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ისინი სუსტები იყვნენ, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ზოგადად, რატომ მიიღება სხვადასხვა ქვეყანაში პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება? კი არ ეშინია ვიღაცას ან დემოკრატიული პროცესის ან რაღაცის. როდესაც სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩნდება უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ზომები არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს რომ იყო შიშის გამოხატულება, მაშინ კონსტიტუციებში არ იქნებოდა ასეთი მექანიზმი ჩადებული. ეს ხომ მარტივად ჩანს, რომ სპეკულაციაა. რატომ წერია მაშინ, პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ შესაძლებელია პარტიების აკრძალვა, მშიშრები არიან, თუ რატომ ჩადეს ეს მექანიზმი. ნახეთ, რა მარტივი, იაფფასიანი სპეკულაციებია. მოლდოვაში აიკრძალა, არავითარი სპეკულაციები არ მოჰყვა, არც არავითარი განცხადებები, უკრაინაში აიკრძალა და არც იქ, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ სპეკულირებას, რაც ძალიან დასანანია, სამწუხაროა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ხომ მარტივი სპეკულაციაა. არითმეტიკული სიმარტივით მტკიცდება ის, რომ მარტივად ისპეკულირა ევროკომისიის პრესსპიკერმა. ეს რომ იყოს შიშის გამოხატულება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ევროპული ქვეყანა არის მშიშარა და ამიტომ უწერიათ პარტიების აკრძალვის მექანიზმი კონსტიტუციებში. ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით არ შეიძლება გამოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ჰქვია ევროკომისიის პრესსპიკერი“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის, სახელმწიფოსა და საკუთარი დემოკრატიული სისტემის წინაშე, რომ არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაშოროს სისტემას.

“იმდენად ალოგიკურ, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ ყველაფერი შეიძლება იფიქროს კაცმა, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ ისინი პრაგმატულად შეხედავენ ამ ყველაფერს და ასე პირდაპირი ფორმით მაინც არ მოინდომებენ “ნაცმოძრაობის” გამოსარჩლებას. ყველა ხედავდა აქამდე, 2012 წლიდან მოყოლებული და ჯერ კიდევ 2004 წლიდან მოყოლებული, მსგავსი ადამიანები მფარველობდნენ სისხლიან რეჟიმს. ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება - სად იყო მაშინ კრიტიკა, სად იყო მაშინ ასეთი განცხადებები. პირდაპირ მფარველობდნენ იმ სისხლიან რეჟიმს იგივე ადამიანები, შეიძლება სახელები და გვარები სხვა იყო, მაგრამ საერთო სურათი არ იცვლება ხომ. და 2012 წლის შემდეგ, გახსოვთ, პირდაპირ უკრძალავდნენ “ქართულ ოცნებას” დამნაშავეების დასჯას. პირდაპირ გამოდიოდნენ უმაღლეს დონეზე, ბაროზო გამოდიოდა მაშინ უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის და ამბობდა - ეს არ შეიძლება დაიჭიროთ, არ შეიძლება, დამნაშავეებს ხელი ახლოთ, პირდაპირ ეს მფარველობა ხელის გულზე იდო. ყველამ იცის, რომ “ნაცმოძრაობას” მფარველობდნენ ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის დროზე - ამერიკულ ბიუროკრატიაში. ამას ხალხი მიჩვეულია, მაგრამ ასეთი პირდაპირი სახის ჩვენება, თვითლუსტრაცია, “ნაცმოძრაობაზე” გადაფარება ეს მგონი, მაინც არ უნდა მოუნდეს ამ ძალებს, ევროპულ ბიუროკრატიას ვგულისხმობ. ვნახოთ, დანარჩენი როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარი ხალხისა და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, საკუთარი დემოკრატიული სისტემის წინაშე, რომ არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვაშოროთ ამ სისტემას იმისათვის, რომ დაისვენოს საქართველომ. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ დავასვენოთ ეს ქვეყანა მუდმივი რადიკალიზმისგან, სიძულვილისგან, შუღლის გაღვივებისგან, დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებისგან. არ შეიძლება, მუდმივად ამ რეჟიმში ვიცხოვროთ. ეს ადამიანები 5 წელია, უწყვეტ რეჟიმში აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური. დაადგინოს ვიღაცამ, რომ ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური, ან ისინი. ჩვენ ფაქტებით ვამტკიცებთ, რომ ამ ორი მხარიდან, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციური უნდა იყოს, რასაც ერთი მხარე აღიარებს, ჩვენ ვამტკიცებთ ფაქტებით, რომ ამ ორი მხარიდან, რასაც ჰქვია მმართველი პარტია და რადიკალური ოპოზიცია, არაკონსტიტუციური არის, სწორედ, რადიკალური ოპოზიცია,”- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა.

„მე მგონია, რომ თავისთავად წავა ჯანსაღი პროცესი. დღეს არის ჩაკეტილი წრე, გარედან დალაგებულია ეს ჩაკეტილი წრეც. გახსოვთ იძულებითი კოჰაბიტაცია, როცა არსებობდა კოალიცია, ძალიან რთული პერიოდი იყო 2012-2016 წლები, ამის შემდეგაც უამრავი სირთულე იყო. ასეთ პირობებში განცხადებებით - არ დასაჯოთ დამნაშავეები და ასეთი რაღაცებით თავს მოგვახვიეს ჩაკეტილი სისტემა, ჩაკეტილი წრე, ორი პოლუსი. აქეთ არის მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის გარედან მართული აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. როგორც კი ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა, მაშინვე საზოგადოება თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ქართული საზოგადოება ძალიან გამოცდილია და დიდი გამოცდილება შეიძინა ამ 35 წლის განმავლობაში. არ ვიცი მეორე ასეთი საზოგადოება, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35-წლიანი სტაჟი და ამხელა გამოცდილება აქვს შეძენილი. ასეთ პირობებში, როგორც კი გაირღვევა ეს ჩაკეტილი წრე, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება თვითონ შექმნის ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და ასე უნდა შედგეს. თუ ისევ ვიღაცამ გარედან სცადა ახალი რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ძალების შექმნა და ეს თუ მიიღო საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, დარჩება ისევ ჩაკეტილი წრე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება საკმარის სიბრძნეს გამოავლენს იმისთვის, რომ შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები საკუთარი წიაღიდან და არა ისეთები, რომელთა არაკონსტიტუციურად გამოცხადებასაც ვითხოვთ ჩვენი სარჩელით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო სარჩელის საფუძვლებზე საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ოპოზიციის განცხადებები და მოწოდებები გაიხსენა.

„მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ზოგმა - პირდაპირ, ზოგმა ირიბად მხარი დაუჭირა სანქციების დაწესების მოთხოვნას საქართველოდან რუსეთის მიმართ, რაც პირდაპირ ჩამოაქცევდა ჩვენს ქვეყნას და ესკალაციას გაამწვავებდა. ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას. მაშინ გამოვიდა ბაიდენი, შემდეგ ჯონსონი და მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რადგან ეს ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მოხალისეების გაგზავნის რეკომენდაციაც კი თუ ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამერიკის და ბრიტანეთის შემთხვევაში, ჩვენი ოფიციალური ნებართვით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში როგორ არ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. შემდეგ ზელენსკიმ გაიწვია ელჩი ამ ორი საბაბით - სანქციების არდაწესება, და მეორე, რატომ არ გამოგვიგზავნეს მებრძოლი მოხალისეები. მოლდოვასაც არ გაუკეთებია ეს, მაგრამ ჩვენგან ითხოვდნენ. ასევე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები - უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა არაერთხელ მიმართა ოპოზიციას კითხვით, რა არ გააკეთა საქართველომ უკრაინის დასახმარებლად, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

„მე ჩავატარე საგანგებოდ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ვკითხე ოპოზიციას, რა შეგვეძლო ჩვენ გაგვეკეთებინა უკრაინისთვის ომთან მიმართებით, რასაცარ ვაკეთებდით. მარტივ კითხვაზე ვთხოვეთ პასუხის გაცემა. არავითარი პასუხი. ერთადერთი, მახსოვს, ელისაშვილმა და ვიღაცამ თქვა, რომ იარაღი გაუგზავნეთო. პირდაპირ მოითხოვეს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. სხვებმა პასუხი არ გაგვცეს. ანუ არ ჰქონდათ არავითარი არგუმენტი, არავითარი ფაქტი, რომ რამე დავაკელით უკრაინას და არათუ დავაკელით, გახსოვთ, რამდენი დევნილი გვყავს მიღებული დღემდე. 25 ათასი უკრაინელია, ბავშვებს უფასოდ საკუთარ მშობლიურ ენაზე ვასწავლით, ყველანაირი სოციალური დახმარება, ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რაც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში და დღემდე ვცდილობთ მაქსიმალურად დახმარებას. ყველა კუთხით გვაქვს სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კითხვა დავუსვით - რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა, რაც არ გავაკეთეთ. პასუხი არ იყო არავითარი და მაინც ეს რიტორიკა, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, რუსეთს მხარე და ათასი სისულელე, სიგიჟე. ასეთ რაღაცებით რომ გამოდიან ეს პოლიტიკური პარტიები, ვიღაცამ ხომ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. ისინი ხომ ამით ამწიფებენ საფუძველს, რომ იგივე ტყუილი მერე ვიღაცამ ქვეყნის გარედან გაიმეოროს, რაც ფაქტია, ხდება. როგორ შეიძლება, ასეთი მავნებლები ვიღაცამ არ შეაფასოს. ამაზე მეტი ანტიკონსტიტუციური რა არის, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შენ აბრალებ იმას, რომ მოქმედებს იმ სახელმწიფოს კარნახით, დავალებით, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, ამაზე მეტი მავნებლობა და არაკონსტიტუციურობა რა არის. ეს ხომ ვიღაცამ უნდა შეაფასოს. ან მაშინ დაამტკიცონ, რომ ჩვენ სხვა რამეს ვაკეთებთ. შემფასებელი უნდა იყოს და ამიტომ მივმართავთ ჩვენ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერის თქმით, რაც თავად გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციისთვის, იგივეს ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში.

„ეს სარჩელი ემსახურება დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მის წინსვლას, გაკეთილშობილებას. ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, პოლარიზაცია. ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკომპრომისოდ და მტკიცედ უნდა დავიცვათ ის და ასე ვმოქმედებთ ჩვენ ამდენი წელია და ჩვენ ამის გამო შეგვექმნა სირთულეები, მაგრამ ამ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს. აქ კომპრომისი არ იქნება - 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და გადაფარებულია ვიღაც ამ პოლიტიკურ ძალაზე. როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ჩვენ ანგარიში გავუწიოთ. რაც თვითონ გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისთვის და ოკუპაციისთვის, იგივეს ითხოვდნენ ჩვენგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელში მოყვანილია ფაქტები და იქ საუბარი არ არის მხოლოდ აგვისტოს ომზე, საუბარია იმაზე, თუ როგორ მიჰყავდათ 2004 წლიდან უკვე თანმიმდევრულად, შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად 2006 წლიდან პროცესები აგვისტოს ომამდე. 

 

„მინდა, დეტალურად შეგახსენოთ, რა სარგებელი მოუტანა კრემლს, როგორ გააფართოვა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ტერიტორიაზე, როგორ გააფართოვა თავისი ტერიტორიული გავლენა ჩვენს ქვეყანაში რუსეთმა წინა ხელისუფლების მონაწილეობით. 

 

2004 წლიდან გვახსოვს აგრესიული რიტორიკა, ჩვენც გვთხოვდნენ იგივეს ცოტა ხნის წინ. 2004 წელს მათ ჰქონდათ პირველი მცდელობა შეჭრილიყვნენ სამხედრო ძალით ცხინვალის რეგიონში. მერე რაღაცნაირად მოხერხდა ამის ჩაწყნარება. 

 

2006 წლიდან იწყება საინტერესო პროცესები. 2006 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაგეგმილი პროცესების საფუძველზე ჩატარდა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები. 2006 წელს მაშინ კოკოითი იყო დე ფაქტო პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები, სადაც აირჩა არაკონსტიტუციურად სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დააორგანიზა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არ არის ღალატი? ჯერ სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, ოლქი გაუქმებული იყო, ეს სახელწოდება საერთოდ არ არსებობდა, არ აღიარებდა ჩვენი სახელმწიფო და მით უმეტეს, იქ პრეზიდენტზე საუბარი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს არ იყო ავანტიურა, ეს იყო ჩვეულებრივი უხეში ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც თავისივე ორგანიზებული არჩევნების საფუძველზე აირჩია სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტი. ეს არ არის ღალატი? რა თქმა უნდა, ღალატია, რომელიც არის დეტალებში გახსენებული ამ სარჩელში. ამას მოყვა 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება არა მარტო პრეზიდენტი, მერე მთავრობა შეიქმნა, მინისტრები ეწოდებოდათ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელებს და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, 2007 წელს უკვე სამართლებრივად, ჯერ კანონი იქნა მიღებული და მერე პრეზიდენტის ბრძანებულება, შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ოფიციალურად აღადგინეს სამხრეთ ოსეთის საზღვრები, რომელიც იყო გაუქმებული 1990 წლიდან გამსახურდია დროინდელი ხელისუფლების დროს.

 

„ეს ხომ ნიშნავდა სეპარატისტული არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას. როგორ შეიძლება, რომ ეს ღალატი არ იყოს. ეს ხომ არ შეიძლება, სისულელედ მოვნათლოთ ან რაღაცა გაუთვლელ ნაბიჯად. ეს იყო პირდაპირი, უხეში ღალატი. როგორ შეიძლებოდა ამის საშიშროება ვერ გაეთვალა ადამიანს. როგორ შეიძლება, ჩაატარო ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და ვერ გათვალო, თუ რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას გაგრძელებად. ამ საზღვრებში მოაქციეს ახალგორის მუნიციპალიტეტი და გაუადვილეს შემდეგ რუსეთს და დე ფაქტო ხელისუფლებას პრეტენზიის გამოცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტზე, რამაც დააზარალა იქ მცხოვრები ათასობით ადამიანი და უმეტესობა დევნილობაში აღმოჩნდა. პირდაპირ ღალატის ქრონიკა. 

 

ზემო აფხაზეთი უწოდეს კოდორის ხეობას და პირდაპირ გამოაცხადებინეს პრეტენზია. რა რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მაშინ მათ ამ ნაბიჯებს. დაგმეს პირდაპირ ეს ნაბიჯები, რომელიც არ იყო ავანტიურა, სისულელე და ა.შ. ეს იყო ღალატის ქრონიკა. სეპარატისტული ალტერნატიული არჩევნები, სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ზემო აფხაზეთის დარქმევა კოდორის ხეობისთვის და კულმინაცია იყო მხოლოდ რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს არ იყო ერთჯერადი ღალატი, ეს იყო ღალატის ქრონიკის კულმინაცია. 

 

ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით არის იქ ჩაწერილი, რომ 7 აგვისტოს  ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო სწორედ ცხინვალზე შტურმის მიტანით, მერე იქ კიდევ ათასი სხვა რაღაც წერია. პრაქტიკულად დააბრალეს ქართველ სამხედროებს, ქართულ ჯარს დანაშაულის ჩადენა და ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა ამ ბრალდების უარყოფა მოგვიანებით უკვე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე ჰააგის სასამართლოში, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ ყველაფერს. 

 

რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ მას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“ ანუ მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა რას, რომ თავად დაიწყეს ომი და რუსეთის ინტერვენცია აქ არის უკვე მოხსენიებული როგორც საპასუხო იერიში, პირდაპირ ეს სიტყვები წერია. რუსეთმა განახორციელა საპასუხო იერიში - ამას მოაწერეს ხელი. 

 

წარმოიდგინეთ, უკრაინის ხელისუფლებამ დადო რაღაც სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, დასრულდა ომი და ხელი რომ მოაწეროს მაგალითად ზელენსკიმ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში, ეს ომი გადაიზარდა უკრაინის მიერ რუსეთზე იერიშის მიტანით, წარმოუდგენელი ღალატი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში 2022 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და შემდგომი მოვლენები გაიხსენა.

„ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. 2022 წლის ივნისამდე აცხადებდნენ, რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. წინასწარ იყვნენ მომზადებული რევოლუციის მცდელობისთვის, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ივნისში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭებოდა. მერე წელიწად-ნახევარი გააგრძელეს საუბარი იმაზე, რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. სამუშაო ჯგუფები რომ შეიქმნა 2022 წლის ივნისიდან კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ბოიკოტი გამოუცხადეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ და იყო მთელი ეს აგიტაცია. მერე იგივე ხდებოდა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ამაზე მეტი არაკონსტიტუციური, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი და ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები რა შეიძლება იყოს. იგივე ეხება ვიზალიბერალიზაციასაც. ცდილობენ, ქართველი ხალხი დაისაჯოს, ხელისუფლება დაისაჯოს, სახელმწიფო დაისაჯოს. ამაზე მეტი მავნებლობა რა არის. ამაზე მეტი მცდელობა, რომ დააზიანო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და შენი ქვეყნის სუვერენიტეტი, რა არის. ეს ხომ ღია თავდასხმაა სახელმწიფო ინტერესებზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, შეფასება და შემფასებელი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.