მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, გაძლევთ პირობას, თქვენი ხმა იქცევა კონკრეტულ საქმედ, კარგი საქმეებით დავაბრუნებ იმ სიყვარულს - კალაძე

12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათ დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას, პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს.

„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, მესამე ვადით მოიპოვო თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ყველა დაწყებული რეფორმა და განვახორციელოთ გეგმები, რაც წინასაარჩევნოდ წარმოგიდგინეთ. ეს არის, ერთი მხრივ, დასტური იმისა, რომ მივდივართ სწორი გზით –  ყველასთვის თვალსაჩინოა ჩვენი ულამაზესი თბილისის სასიკეთო გარდაქმნა, და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, მეტი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის განვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა, თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო ამისთვის. გაძლევთ პირობას, თქვენი ხმა იქცევა კონკრეტულ საქმედ. იმ სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ, კარგი გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში. მზად ვართ, გემსახუროთ თავდაუზოგავად. როგორც იცით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფები სხვადასხვა ობიექტზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები გვაქვს. შესაბამისად, მაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მივდივართ ყველა რაიონში, ყველა უბანზე და უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანებისგან ვიღებთ ინფორმაციას არსებული პრობლემების შესახებ. ამასთან, აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ვგრძნობ თქვენგან, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია და მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.