თბილისის საქალაქო სასამართლომ, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის არის ბრალდებული, პატიმრობაში დატოვა.
კერძოდ, სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობა ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ხოშტარიას ამ საქმეზე 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც დადგენილი ვადაში, მისივე პოზიციიდან გამომდინარე არ გადაიხადა. როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღნიშნა, გირაოს თანხა არ არის გადახდილი, შესაბამისად, დადგა მოცემულობა, რომ აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩეს.
რაც შეეხება თავად ბრალდებულ ელენე ხოშტარიას, ის მისი ბრალდების საქმეზე პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი განცხადება, სადაც განმმარტავადა, თუ რატომ არ ესწრება პროცესს.
“3 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე წასვლას არ ვგეგმავ, რადგან არ ვაპირებ მიტაცებულ სასამართლოში ვიარო” , - წერს ხოშტარია განცხადებაში.
ელენე ხოშტარიას უფლებებს სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატი, ელენე მაღლაკელიძე იცავს. როგორც ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, ელენე ხოშტარია არ აღიარებს მის მიმართ წარმოებულ არც საქმეს, არც სასამართლოს და შესაბამისად, აცხადებს, რომ არ სურს ვინმე დაიცვას მისი ინტერესები.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ელენე მაღლაკელიძემ სასამართლოს თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლე ნატო ხუჯაძის განცხადებით, არ არსებობს თვითაცილების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
“შევხვდი ელენე ხოშტარიას. მან განაცხადა, რომ არ სურს პროცესებში მონაწილეობის მიღება არც პირადად და არც ადვოკატის გარეშე. მისი ეს პოზიცია მოტივირებულია იმით, რაც მან პენიტენციური სამსახურიდან გამოგზავნილ წერილში ახსენა, რომ ის არ აღიარებს საქმეს და სასამართლოს. ელენე ხოშტარიას არ სურს ვინმე დაიცვას მისი ინტერესები.
მან გადმომცა განცხადება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი - “მათ შორის არ დაკითხოთ მოწმეები, არ წარმოადგინოთ პოზიციები, რომელიც მიმართული იქნება ჩემი დაცვისკენ”, - განაცხადა ელენე მაღლაკელიძემ.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორის თქმით, ხოშტარია პატიმრობაში უნდა დარჩეს, ვინაიდან, მისი მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები.
ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებობაზე, დააკმაყოფილა. საქმე კი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
