რამდენად რეალისტურია, 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს? - პაველ ჰერჩინკის პასუხი

"წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ საქართველო არ მიდის იმ ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოიტანს, არც 2030 წელს ან უფრო გვიან", - ეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული გაფართოების ანგარიშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა შესაძლებელი საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში 2030 წელს, როგორც ამას "ქართული ოცნება" აცხადებს.

"არის უკუსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ასევე არის ძალიან მტრული, ანტიევროპული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მეორდება. ხდება ეროზია ძირითადი თავისუფლებების, რაზეც დაფუძნებულია თავად ევროკავშირი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანამ ამ მიმართულებით უკუსვლა იქნება.

მეორეს მხრივ, მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა შევცვალოთ ეს ძალიან სამწუხარო სიტუაცია. მოგეხსენებათ, რომ ეს ანგარიში შემუშავდა 33 ევროპული ინსტიტუტისა და ცხრა სააგენტოს მიერ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო ჩართული, რამდენმა ადამიანმა ჩადო საკუთარი ენერგია და ძალისხმევა ამ ანგარიშის შემუშავებაში. ეს ადამიანები იქ არიან ბრიუსელში და ჩვენ აქ ვართ, მე და ჩემი პერსონალი ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სწორედ იმისთვის ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული მაგალითი. მაგრამ ამისათვის საჭიროა კეთილი ნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომლებმაც უნდა მისდიონ იმ საბაზისო წესებს, იმ საბაზისო პრინციპებს, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.