დამოუკიდებლობის შესუსტება და გაუმჭვირვალობის ზრდა - რას წერს ევროკომისია საქართველოს სასამართლო სისტემაზე?

ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით, დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.

ანგარიშის მიხედვით, სამართლებრივი სისტემის რეფორმის არსებული ვითარება მძიმეა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს სასამართლო სისტემის სტაბილურობასა და გამჭვირვალობაზე. 2025 წლის ივნისში დამატებით განხორციელებული ცვლილებები შეეხო საბჭოს შემადგენლობისა და შერჩევის წესს, რაც, როგორც ევროკომისია აღნიშნავს, განხორციელდა დაჩქარებული წესით და კონსულტაციების გარეშე.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ცვლილებებმა საბჭოს დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება შეასუსტა, ხოლო საბჭოსთვის მიცემული უფლება სასამართლო პროცესების საჯაროობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ზღუდავს სასამართლო პროცესების გამჭვირვალობას. ევროკომისიის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ზრდის გავლენისა და სუბიექტური გადაწყვეტილებების რისკს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის მართვაში მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების არსებობა, რომლებიც გამორიცხავს ერთპიროვნულ გავლენას მოსამართლეთა გადაყვანისა და დანიშვნის პროცესზე და უზრუნველყოფს კონკურენტულ, გამჭვირვალე შერჩევის წესს.

ევროკომისიის შეფასებით, სასამართლო სისტემა საქართველოში დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობის გამოწვევების წინაშეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა დაჩქარებული საკანონმდებლო პროცესების რაოდენობა და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე კანონები მიღებულ იქნა მოკლე ვადებში, რაც ამცირებს გადაწყვეტილებების განხილვის შესაძლებლობას და ართულებს სამართლებრივ ანგარიშვალდებულებას.

დოკუმენტი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესებზე მოქალაქეთა წვდომა შეზღუდულია, ხოლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ხშირად მხოლოდ საბოლოო ინსტანციების შემდეგ ხდება. ეს გარემოება ზღუდავს სასამართლოს გამჭვირვალობას და ართულებს საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეებს უჭირთ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების გამოყენება, რაც საჭიროებს სასამართლო პრაქტიკისა და პროცედურების გაუმჯობესებას.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენა მოითხოვს გადაწყვეტილებების არგუმენტირებულად მიღებას და პროცესების საჯაროობას.