ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე აქვს შენარჩუნებული და, პროგრესის ნაცვლად, ქვეყანამ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა დააფიქსირა, შალვა პაპუაშვილი აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიშის დასკვნებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ევროკომისიის მიდგომა უსამართლო და მიკერძოებულია.
"ანგარიშში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან.
ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა.
მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში „გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი“, რასაც თან ახლდა რეპრესიული კანონმდებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და „მტრული, ანტიევროპული რიტორიკა“. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც „მნიშვნელოვნად უხვევს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული კურსიდან“.
