საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს თანამდებობეზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს, ასევე, 2019-2021 წლებში იყო ,,სტუდია მაესტრო“-ს აღმასრულებელი დირექტორი. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს. ვარლამ ავალიანი 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიებში.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და განმტკიცებას ემსახურება.
„დიპლომატის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამორჩეული დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.
გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
