ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის წარმოებისთვის, ასევე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ჯარიმების გაზრდას გეგმავს.
"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
მთავრობის ინიციატივით, უნდა შეიცვალოს სამართალდარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა, რომელიც დღეს განსხვავდება დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ჯარიმდება 30 000 ლარით, იგივე ქმედება თვითმმართველ ქალაქში ჯარიმდება - 500 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - ქალაქში - 200 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში - 50 ლარით.
დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, მისი დამტკიცების შემთხვევაში:
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა 30 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. მშენებარე ობიექტის წესის დარღვევით მიტოვება კი - 10 000 ლარით. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარით.
