ეუთო/ოდირ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნის თანახმად, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლების განუყოფელი ნაწილია, რომელშიც სხვადასხვა წარმომავლობის, შეხედულებების მქონე პირებსა და ჯგუფებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, შეიკრიბონ და მშვიდობიანად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან.
დასკვნის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულებები, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ უფლებების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე.
ეუთო/ოდირ-ი დასკვნაში აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ეფექტური დაცვა ხელს შეუწყობს ღია დემოკრატიის კულტურის განვითარებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობას და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დიალოგის გააქტიურებას.
დასკვნის თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მკაცრ სამნაწილიან ტესტს. კერძოდ, ის უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, უნდა ემსახურებოდეს საერთაშორისო სამართლით ამომწურავად აღიარებული ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის დაცვას და იყოს აუცილებელი, პროპორციული ამ მიზნის მისაღწევად.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ, გარდა ამისა, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს არადისკრიმინაციული.
„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებას, უნდა აისახოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკაში და ამ უფლების სხვათა უფლებებთან შეთავსების შეზღუდვების ან შეზღუდვის სხვა დასაშვები საფუძვლების განხილვისას, არასაჭირო ან არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას“, – ნათქვამია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.
ეუთო/ოდირ-ი აღნიშნავს, რომ დასკვნა უნდა განიხილონ იმ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც ოდირ-მა, საერთაშორისო, რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, ეროვნულმა დამკვირვებლებმა, სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ადრე გამოთქვეს ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
„კერძოდ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ზედმეტად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ასევე ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების აშკარა დარღვევაა“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.
დასკვნის თანახმად, განსახილველი ცვლილებები პარლამენტს წარედგინა 2025 წლის 8 ოქტომბერს, მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საჯარო განხილვის გარეშე, და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, 2025 წლის 17 ოქტომბერს.
„საერთო ჯამში, ისინი აწესებენ გაცილებით მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელებს. ისინი გამორიცხავენ ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას, აწესებენ უფრო ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც ნაგულისხმევ სასჯელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სახით განსაზღვრული გარკვეული ქმედებებისთვის და სისხლის სამართლებრივ პატიმრობას, თუ პირს ეს დანაშაულები წარსულშიც აქვს ჩადენილი. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს 2025 წლის თებერვალსა და 2024 წლის დეკემბერში შემოღებული შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას, რომლებიც 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ სასწრაფო დასკვნაში ოდირ-მა საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში გადაჭარბებულ ჩარევად მიიჩნია.
კერძოდ, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებით შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობის მკაცრი ვადები, მაქსიმუმ, 60 დღემდე, როგორც ერთადერთი სასჯელი შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულისთვის, რაც გამორიცხავს სასამართლოს დისკრეციას, დააკისროს უფრო მსუბუქი სანქციები, როგორიცაა პროპორციული ხასიათის ჯარიმები ან გაფრთხილება. ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სანქციები იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული. ის ადმინისტრაციულ დაკავებას გარდაქმნის არაძალადობრივ ქცევაზე ნაგულისხმევ რეაგირებად, რომელიც არ აღწევს ცუდი ქცევის იმ სერიოზულობის დონეს, რომელიც შეიძლება გამართლებული იყოს უფრო მკაცრი რეაგირებისთვის (მაგ. უბრალოდ ნიღბის ტარება ან ლაზერული და სინათლის სხივის მოწყობილობების ტარება, საგზაო მოძრაობის დარღვევა ან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც უკანონოდ ითვლება)“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ეუთო/ოდირ-ის დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავება, არასდროს უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელად საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის, ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ასევე ძირს უთხრის პროპორციულობის პრინციპს.
დასკვნის მიხედვით, ეს და დამატებული ასეთი დაკავებების გასაჩივრების ეფექტური საშუალებების არარსებობა ამძაფრებს ბოროტად გამოყენების პოტენციალს და თავისუფლების თვითნებური აღკვეთის რისკს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.
„სისხლის სამართლის კოდექსის შესწორებული 347-ე მუხლის თანახმად, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაწესდეს გარკვეული არაძალადობრივი ქმედებების ჩადენისთვის, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად ითვლება, თუ პირს წარსულში ჩადენილი აქვს ასეთი კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ხოლო ორ წლამდე ვადით ამის განმეორებით ჩადენისთვის (ერთზე მეტჯერ და არა დადგენილ ვადაში), საზოგადოებისთვის ან ადამიანებისთვის ზიანის მიყენების განზრახვის ან ასეთი ზიანის რეალურად მიყენებისთვის მტკიცებულების გარეშე. ეს დებულებები სჯის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლით დაცულ ქმედებებს, მათ შორის ნიღბის ტარებას, ან უკანონოდ მიჩნეულ შეკრებებში მშვიდობიან მონაწილეობას, ან გზების გადაკეტვას.
ცვლილებების მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა ნაგულისხმევ სანქციად იქცა, რაც, ფაქტობრივად, არაპროპორციულ სისხლის სამართლებრივ სასჯელს იწვევს მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლების უფლებისთვის გამოყენებისთვის, მათ შორის მაშინაც, როდესაც ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის გარანტირებული. ამგვარად, სისხლის სამართლის სასჯელი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური და კანონიერი იყოს, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას გამოიწვევს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნის მიხედვით, გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული დებულებების განმეორებითი დარღვევისთვის ბავშვებისთვის (18 წლამდე ასაკის) ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შემცველი სისხლის სამართლის სასჯელის შემოღება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც მოითხოვს, რომ თავისუფლების აღკვეთა ბავშვებისთვის გამოყენებული იქნეს მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით და მოუწოდებენ სახელმწიფოებს, მიიღონ პატიმრობის ალტერნატივები, რომელიც არ ითვალისწინებს პატიმრობას, როგორც არასრულწლოვანთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების ნაგულისხმევი რეაგირება“, – ვკითხულობთ ეუთო/ოდირ-ის დოკუმენტში.
დასკვნის თანახმად, „როგორც წინა მოსაზრებებში აღინიშნა, არაპროპორციული სასჯელები მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას არღვევს, რადგან მათ, შეიძლება, შეაფერხონ ასეთი ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, შეაფერხონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხორციელება“.
„ცვლილებები სამართალდამცავი ორგანოების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ან სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედებების“ კრიმინალიზაციას ახდენს, რაც განმეორებითი დანაშაულისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელმაც შეიძლება, სუბიექტური ინტერპრეტაცია გამოიწვიოს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს. ეს საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ არასწორი, ზედმეტად ფართო, თვითნებური და/ან მიზანმიმართული აღსრულების რისკს შეიცავს, რითიც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ უფრო აძლიერებს სამოქალაქო აქტივიზმზე შემაშფოთებელ ეფექტს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც ეუთო/ოდირ-ის დასკვნაშია ნათქვამი, შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულების ბუნდოვანმა და ფართო ფორმულირებამ, შესაძლოა, სამიზნედ აქციოს ის პირები, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულ შეხედულებებს – ადამიანის უფლებათა დამცველები, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები ან სხვა პირები, რომლებიც კანონიერად სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.
„გარდა ამისა, ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, აღსრულების ნიმუშებთან ერთად განხილვისას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაშვებული მიზნების მიღმა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით. საერთო ჯამში, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11, მე-18 მუხლების, და უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.
