ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის ხელშეკრულება იმავე წესით იყო გასაიდუმლოებული - პრემიერი

მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, ახლა სპეკულირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერმა. მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თავად ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს. მე ვუსმენდი მას თავის დროზე, როცა განცხადებებს აკეთებდა. პირველად ვიგრძენი, რომ მანაც უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. ისეთი რაღაც დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ უხერხულობა იგრძნო. სხვა დროსაც სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მას, მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის მარტივი, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ექვემდებარება შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.