ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.
„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით. რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა – ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არცერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს სამი ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზად არის, განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან.
„ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს – არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა, სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება, არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, მაშინ გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.
„ამიტომ, არავითარი ეფექტი აღარ აქვს უსამართლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, თუნდაც მომავალში, მათი მხრიდანაც რომ იყოს სამართლიანი განცხადებები რამე თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება. ამის გამოა, რომ მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რასაც ეს ჩინოვნიკები უცხადებენ აქციებს, რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნებში ისინი იღებენ 20 პროცენტზე ნაკლებს, ქუჩაში გამოდის 150 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, მთლიანობაში, 35 წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა
დადეს კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა, კონკრეტულად, 2024 წლის 27 ივნისს, ანუ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერებაზე ევროკავშირის ელჩის მიერ 2024 წლის ივნისში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ევროკავშირის ელჩი ხშირად იმეორებდა იმას, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა დოკუმენტიც დაიდო, ეს არის ამის დამატებითი წერილობითი მტკიცებულება.
„საჯარო განცხადება შედარებით სუსტ მტკიცებულებად ითვლება და ახლა დადეს უკვე კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა კონკრეტულად 2024 წლის 27 ივნისს. ყველაფერი ხომ ნათელია. მერე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს. ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ. დღეს ყველამ იცის, რომ სწორედ, არაფორმალური გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა ევროპულ სტრუქტურებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებსაც. ერთი ორი გამონაკლისია – უნგრეთი, სლოვაკეთი. ამის შესახებ ყველამ იცის. დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არაფორმალურად იმართება ევროპული სტრუქტურები იმ მსხვილი კორპორატიული ინტერესების მხრიდან, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის. არის მსხვილი ოლიგარქიული, კორპორატიული გავლენები და, სწორედ, ასე იმართება დღეს ევროპული ბიუროკრატია. საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ, ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ გზავნილებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რამეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, ეს არ გამოვა.
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიუღიათ წარსულში, არ მგონია, რომ ასეთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ, ვნახოთ. მუდმივად ცდილობენ, დააშანტაჟონ საქართველოს მოსახლეობა. ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, უფრო სწორად ის არაფორმალური მმართველები, რომლებიც დგანან მათ უკან, ქართველ ხალხს იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ამის გამო, მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ, ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის ეს მიდგომა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რამეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ამიტომ მე მგონია, რომ უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩინოვნიკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
