ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება EU-ის გზას - ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკავშირის გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერი, გიომ მერსიე, „ევროსკოპის“ რედაქტორთან, თამარ ნუცუბიძესთან საუბრისას, ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და მის გაფართოების პოლიტიკისთვის.

მერსიეს განცხადება მოჰყვა შეკითხვას „ქართული ოცნების“ მიერ ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილების შეფასების შესახებ.

„კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მკაფიოდ არის ხაზგასმული ჩვენს გაფართოების ანგარიშში. ანგარიშმა, ფაქტობრივად, დაასკვნა რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში რეკომენდირებულია, რეკომენდაციების სახით ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ეფექტურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.