პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულების დაწესებას

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 79 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მანიფესტაციის ორგანიზატორებს ავალდებულებს, რომ მათ შსს-ს საპატრულო პოლიციას დაგეგმილი მანიფესტაციის შესახებ 5 დღით ადრე აცნობონ.

"გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი,"- ნათქვამია კანონპროექტში.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, როგორც ახლა აქვს ვალდებულება წინასწარ მუნიციპალური ორგანოები გააფრთხილოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, რაც აქამდე მუნიციპალიტეტს ჰქონდა, რომ სამი დღის ვადაში იმსჯელოს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას ან კონკრეტული სვლაგეზით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ხომ არ ლახავს სხვა პირთა უფლებებს, ხელს ხომ არ უშლის საწარმოების, დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება და შესთავაზოს სხვა ალტერნატიული დრო ან ალტერნატიული ადგილი, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია შესაძლებელია რომ ჩატარდეს. თუ პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და მაინც შეიკრიბებიან იმ ადგილას, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ არ შეკრებილიყვნენ, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა - 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლებრივი წესით ერთ წლამდე ვადით. აღნიშნული წესები ეხება არასპონტანურ აქციას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, სპონტანური აქციის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს (როგორც ეს 2023 წლის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების აღსრულების დროს საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა), რომ გაფრთხილება მაინც აუცილებელია გონივრულ ფარგლებში.

„თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში არ არღვევდა სხვათა უფლებებს, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილებს აღნიშნულ პირებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათი აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამავდროულად, ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას გადაკეტავენ მასობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლება, მთლიანად აქცია ჩაითვლება კანონგარეშედ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთ წლამდე ვადით. ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი იყოს დაცული კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელებასა და კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის სხვა უფლების დაცვას შორის.