17 დეკემბერს ევროპარლამენტში დებატები თემაზე "საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება" გაიმართება. დებატების ფარგლებში გათვალისწინებულია ევროპარლამენტარების, კომისიის და საბჭოს განცხადებები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.
გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა "რადიო თავისუფლებისთვის" 26 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების "ფაილი დახურულია". მისივე თქმით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა მოწმობს, რომ საქართველოს ახლანდელი კურსით, "საქართველოსთვის არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა".
"დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ - ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო. არ მგონია, ამ ქმედებების ხელახლა ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა - გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ირღვევა. პოლიტიკური პარტიები ნადგურდება", - განაცხადა ფიშერმა.
