პოლიციის აკადემიის სტატუსი იცვლება - ის უმაღლესი სასწავლებელი ხდება

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნას ითვალისწინებს.

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა ცვლილებებს.

ცვლილებების მიხედვით, არსებული აკადემია გადაკეთდება „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიად“ და შეძლებს საბაკალავრო პროგრამების ჩატარებას, რაც ამჟამინდელი მოდელიდან განსხვავებით პროფესიული გადამზადების პარალელურად სრულფასოვანი უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს.

ახალი მოდელით, პროგრამაზე ჩაირიცხებიან პირები, რომლებიც გაივლიან პოლიციაში სამუშაოდ დადგენილ შემოწმებას ან ჩააბარებენ ეროვნული გამოცდებს. სწავლის დაწყების შემდეგ მათ მიენიჭებათ საწყისი სამსახურის სტატუსი რიგითი, ხოლო სწავლის დასრულებისას - ლეიტენანტი.

სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლების დაფინანსებით, კვებით, ფორმით, დაზღვევითა და საცხოვრებლით. ასევე, აკადემიაში სწავლა ჩაითვლება სამსახურის სტაჟში, ხოლო კურსდამთავრებულთა დასაქმებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინიციატივის მიზანია საპოლიციო პროფესიის განვითარება, მომზადების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და სამართალდამცველ სისტემაში აკადემიური კადრების გაძლიერება.

კანონპროექტში მითითებულია, რომ კურსდამთავრებულები ვალდებული იქნებიან დასაქმდნენ შსს-ს სტრუქტურებში, რის პასუხისმგებლობასაც შსს საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, თუკი კურსდამთავრებული შესაბამის სამუშაოზე უარს იტყვის, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს.

"პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,“- ნათქვამია კანონპროექტში.

პროექტის ძალაში შესვლის ძირითად ეტაპად 2026 წლის 1 მარტია განსაზღვრული, ხოლო პირველი სტუდენტების მიღება 2027–2028 სასწავლო წლიდან იგეგმება.