ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და არა მარტო ერევიან, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მეტყველებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
„რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. რამდენად გახდება ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მიდგომის შეცვლის საფუძველი, არ ვიცი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში. სხვანაირად ეს ადამიანები თვითონ აყენებენ საკუთარი სტრუქტურების ინტერესებს ზიანს და სწორედ ასეთი მიდგომების, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის, რომ ევროკავშირში განვითარების ტენდენციები არის უარყოფითი. ეს ეხება როგორც დემოკრატიას, ისე ადამიანის უფლებებს და ასევე ეკონომიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.
„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წელს ეს წილი იყო 30% და 2024 წლისთვის ჩამოვიდა 17.5%-მდე.
„ეს ტენდენცია არის კლებისკენ მიდრეკილი. წელსაც, წლის ბოლოს უკვე 17.5-ზე ნაკლები იქნება ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ზუსტად იგივე ციფრები, მცირე განსხვავებით, წლებში იყო იქ განსხვავება, იყო მოცემული ამერიკულ შესაბამის დოკუმენტში. ეს არის ძალიან მარტივი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკური ტენდენციები ევროკავშირში არის ძალიან უარყოფითი. მარტივი სტატისტიკაა, 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ახლა არის 17.5%. ეს ყველაფერზე მეტყველებს. იგივე პერიოდში, ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში გაიზარდა და ევროკავშირის შემცირდა 30-დან 17.5%-მდე. ასევე, 2008 წელს ჩინეთის ეკონომიკა იყო 4 ტრილიონი დოლარი და ახლა არის, დაახლოებით, 18 ტრილიონი დოლარი, ანუ დაეწია ევროკავშირს. ევროკავშირი დარჩა იქ, სადაც იყო, ჩინეთი დაეწია 4 ტრილიონიდან და ამერიკული ეკონომიკა თუ იყო 15 ტრილიონი, ახლა თითქმის 30 ტრილიონამდეა გაზრდილი. ეს ყველაფერზე მეტყველებს და ეს ყველაფერი არის ევროპული ბიუროკრატიის უსუსურობის შედეგი. ნაცვლად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყოს ორიენტირებული საკუთარი ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზე, ისინი არიან დაკავებული სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევით. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და არასუვერენული ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ვითარება შეიცვლება, სხვანაირად ეს ტენდენციები არ შეჩერდება.
იგივე ეხება, მათ შორის, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. თქვენ ნახეთ, რა მოხდა რუმინეთში. თქვენ ხედავთ, როგორ მუშაობს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვეულებრივად, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ეს არის უმძიმესი ტენდენციები, რასაც ესაჭიროება შეჩერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე უსწრებს ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს.
„რეალურად, ყველა ხედავს, რა ვითარებაა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ხშირად ვთხოვთ ხოლმე, მათ შორის, ევროპელ კოლეგებს, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, თუ რაიმე შენიშვნა აქვთ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, წლების განმავლობაში ვითხოვდით, წარმოედგინათ, სასამართლოს თუნდაც ერთი საქმე, სადაც ისინი ხედავდნენ უსამართლო გადაწყვეტილებას. ვერცერთ ასეთ საქმეზე ვერ გვესაუბრებოდნენ, უფრო მეტიც, იყო არაერთი საქმე, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმე, მათ შორის, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ვითარებაა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ ფონზე, ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ინიცირებული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, ყველა ეს კამპანია ჩავარდა სწორედ იმის გამო, რომ სინამდვილე არის სხვა. სინამდვილე არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, როდესაც დამხობის აქციას აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი.
„დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია - დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ 6 რეზოლუცია მიიღეს, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა და საარჩევნო პროცესებში ჩაერია, პირდაპირ მოუწოდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„პირდაპირი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროკავშირის ელჩმა და ბევრ სხვა მაგალითსაც გაგახსენებთ. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, საქართველოს შიდა საქმეებში. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო კამპანიის ნაწილი. ეს კამპანია დაიწყო არსებითად 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. სხვა ახსნა რა აქვს, 8 ქვეყანას უნდა იწვევდე და აქედან 7-ს იწვევ და საქართველოს - არა, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მტკიცებით, ამ 8 ქვეყნიდან საქართველო იყო ყველაზე არაპროდასავლური და ყველაზე არადემოკრატიული. აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ეს მიდგომა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
