უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი; ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უფასო უმაღლეს განათლებაზე გადასვლის მთავარი მიზანი სოციალურია.
„ერთ-ერთი აწეული საკითხი იყო, რომ სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გადასახადის გადახდას და სტატუსშეჩერებულები არიან და ა.შ. არც ერთი სტატუსშეჩერებული სტუდენტი აღარ გვეყოლება არასდროს. მთავარი თემა არის სოციალური. ჩვენ სტუდენტებს ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადს იმისთვის, რომ მათი სოციალური მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ეს არის მთავარი მიზანი. რაც შეეხება მეორე მხარეს, ხარისხის ამაღლებას, ხარისხის ამაღლებას ემსახურება მთლიანად ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, რომ განათლება იყოს უფასოც და ხარისხიანიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის ანალიზი და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის.
„რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, პირიქით, ამ გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. წელს მიღებული იქნა დაახლოებით 31 000 სტუდენტი, ყველა უნივერსიტეტში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ, პირიქით, რაოდენობის ზრდა გვექნება. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა. რეალურად, არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ, რომ მოლოდინი გვექნება, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს, იმდენივეს შეეძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება. შეიძლება, თეორიულად, მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი რეფორმის გატარება.
„სრული არჩევანი აქვს სტუდენტს - თუ უნდა, ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, შეუძლია, ჩააბაროს. ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება. დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენნაირ ქვეყანაში, 4-მილიონიან ქვეყანაში, თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როცა მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, ამით ყველაფერი ნათელია. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დასჭირდება ამას. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა ნახეთ რა არის, როდესაც გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება, გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებთ რას, რომ გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რათა საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. გეტყვით, რა ვითარებაა დღეს, მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი, თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ სტუდენტს, ამაზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. კიდევ ერთხელ, 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5 და მით უმეტეს 64 გუნდი. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა - ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგია, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში. ეს უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავარი შიდა კონკურენცია არ არის, მთავარია მაღალი ხარისხის განათლება.
„ჩვენ გვაქვს, მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში და გვაქვს კარგი შიდა კონკურენცია, იმიტომ, რომ 10 გუნდია და ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ჩვენთვის ამოცანა ეს კი არ არის, რომ 10 გუნდი ერთმანეთთან თანაბრად თამაშობდეს, ჩვენი მიზანია, გვყავდეს მაღალი დონის გუნდი საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი, შიდა კონკურენცია კი არ არის. შიდა კონკურენცია გვაქვს, საქართველოს ჩემპიონატს შეხედეთ, 10 გუნდი ეპაექრება ერთმანეთს და შესანიშნავი კონკურენციაა. თამაშობენ ერთმანეთთან, ხან იგებენ, ხან აგებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმის გატარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით იგივე პერსპექტივაში შესაძლებელია, არსებითი ცვლილებები ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნის, სახელმძღვანელოების დახვეწის, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებითაც.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში არსებითი ცვლილების მიღწევაა შესაძლებელი ორივე მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ორ ეტაპიანი გეგმა. პირველი ეტაპი უკვე განხორციელდება მომავალი წლის სექტემბრისთვის, შემდეგი ეტაპი დაახლოებით 4-5 წელიწადში უნდა დასრულდეს, ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ამის შემდეგ მუდმივი პროცესი იქნება ხარისხის დახვეწა. რესურსი არის შესაქმნელი, ერთ წელიწადში გვექნება პირველი ცვლილებები და 4-5 წელიწადში არსებითად შეიცვლება სისტემა. დაახლოებით იგივე პერსპექტივაში შესაძლებელია, არსებითი ცვლილებები მივიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმის გარდაქმნის, სახელმძღვანელოების დახვეწის, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებითაც. მაგალითად, ახლა ვამზადებთ გეგმას, რომელიც უკავშირდება ზოგადად ინფრასტრუქტურას და მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გაურემონტებელი სკოლა აღარ დარჩეს. ამას სჭირდება წლები. ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთებაც შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს უკვე სისტემის მუდმივი დახვეწის შეუქცევადი პროცესი. პრობლემების მასშტაბი დიდია - ჯერ იყო 90-იანი წლები, რომელმაც განათლების სისტემას ძალიან მძიმე კვალი დაატყო. მაშინ გაჩნდა 100-ზე მეტი უნივერსიტეტი, სკოლებში რაც ხდებოდა, კარგად გვახსოვს. ამის შემდეგ იყო უკვე 2004-2012 წლები, სადაც კიდევ უფრო მძიმე პროცესები წავიდა. 2004 წელს დაიწყო განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევის პროცესი. ამას სჭირდება გამოსწორება და ამას სჭირდება დრო. არ არის მარტივი, მაგრამ, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამის გამოსასწორებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
