სუს-ის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭება - კანონპროექტი

სუს-ის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭება და სამაგისტრო დიპლომების გაცემა შეეძლება. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების განათლების საკითხებს შეეხება.

ამჟამად სუს-ის აკადემიას "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი" ეწოდება, კანონპროექტით, მას სტატუსი ეცვლება და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღება შეეძლება.

პროექტი კანონში ამატებს ახალ, 29¹ მუხლს, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია განახორციელებს სამაგისტრო და სხვა სპეციალურ სასწავლო პროგრამებს. აღნიშნული პროგრამები გათვლილია როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, ისე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების საჭიროებებზე .

დოკუმენტის თანახმად, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, აკადემიის სტუდენტებისთვის დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები, ასევე განსხვავებულად განისაზღვროს სამართლებრივი ურთიერთობები სამსახურის მოსამსახურეებთან. აკადემიაში მიღების, სპეციალური შემოწმებისა და სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების წესებს სამსახურის უფროსი დაადგენს. კანონპროექტში აღნიშნულის შესახებ დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არაა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე და არ ქმნის სახელმწიფოსთვის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.